22.იანვარი .2021 09:40

"მიკროავტობუსების გამოსყიდვის პირობებზე "თბილისის მოკროავტობუსთან" ვმუშაობთ" - მერია

"მიკროავტობუსების გამოსყიდვის პირობებზე "თბილისის მოკროავტობუსთან" ვმუშაობთ" - მერია
views 468
უკან

"პირველ ეტაპზე, თბილისის მერიამ 300 ერთეული მიკროავტობუსი შეიძინა. კომპანია, რომელიც ოპერირებას უწევს, გამოისყიდის აღნიშნულ მიკროავტობუსებს და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, დამატებით კიდევ შევიძინოთ მიკროავტობუსები, - ეს განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ 2020 წლის დეკემბერში, დედაქალაქის მთავრობის ბოლო სხდომაზე გააკეთა.

Bm.ge დაინტერესდა, მწირი ფინანსური რესურსის მქონე კომპანია, როგორც ასე „თბილისის მიკროავტობუსი“ თავს ახასიათებს, რა ფორმით და როდიდან გამოისყიდის მიკროავტობუსებს. თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ გამოსყიდვის საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„მიკროავტობუსების გამოსყიდვაზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკებები კომპანიასთან და მერია ჯერ კიდევ მუშაობს ახალი სატრანსპორტო სცენარის მოდელირებასა და ფინანსური სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე. როგორც კი დასრულდება მუშაობა ამ საკითხებზე, უკვე ზუსტად გვეცოდინება, რა დროიდან მოხდება მიკროავტობუსების გამოსყიდვა. უფრო მეტიც, მერია მუშაობს, რომ მიკროავტობუსების დამატებითი რაოდენობის შეძენა მოხდეს“, - უთხრეს bm.ge-ს მერიაში.

საქმე ეხება თბილისის მერიის გადაწყვეტილებას, რომელმაც გასულ წელს 30-მდე მილიონის ღირებულების 300 მიკროავტობუსი შეიძინა. მერიაში ამბობდნენ, რომ მიკროავტობუსები ქალაქში ჩასანაცვლებელია, ხოლო „თბილისის მიკროავტობუსის“ ხელმძღვანელობის თქმით, ამის რესურსი მათ არ ჰქონდათ.

გამოსყიდვაზე მოლაპარაკებების მიმდინარეობას ადასტურებენ კომპანია "თბილისის მიკროავტობუსში.

bm.ge-მ კომპანიას ჰკითხა, თუ საიდან გამოიძებნება რესურსი მიკროავტობუსების გამოსასყიდად იმ ფონზე, როცა გასულ წელს კომპანიის ხელმძღვანელობა ამბობდა, რომ სამარშრუტო ტაქსების შესასყიდად ბიუჯეტი არ ჰქონდათ.

"მიმდინარეობს მოლაპარაკებები როგორც კომპანიის შიგნით, ისე მერიასთან და დამატებით დეტალებზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. დეტალების თქმა არ შეგვიძლია. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკება შეთანხმებაზე", - აცხადებენ კომპანიაში, თუმცა არ აკონკრეტებენ, ნამდვილად მიმდინარე წელს მოხდება თუ არა მიკროავტობუსების გამოსყიდვა.

ერთადერთი, რასაც კომპანიაში დადასტურებით ამბობენ ის არის, რომ მერიის მიერ შეძენილი 300 მიკროავტობუსის გამოსყიდვა მათსავე მძღოლებს არ მოუწევთ.