ყურძნის გარკვეული ჯიშების სუბსიდირების ნაცვლად, სახელმწიფო ფერმერების დახმარების განსხვავებული სქემის შემუშავებას გეგმავს. საუბარი მომავალი წლის გეგმაზეა. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ BMG-ის უთხრა, მიმდინარეობს მუშაობა, რომ სახელმწიფო ყურძნის ფასის განსაზღვრაში აღარ ჩაერიოს და ამის ნაცვლად, თუ საჭირო იქნება, ფერმერებს სხვა სახით დაეხმაროს.
„გვინდა სუბსიდირების სქემებს გადავხედოთ. ამ ეტაპზე პასუხი არ მაქვს თუმცა რამდენიმე იდეა არის. მიმდინარეობს მუშაობა, ევროპული გამოცდილების გაზიარება, გადახედვა. მთავარი ამოცანა, რაც გვაქვს, ეს არის ბაზრის ფასის სუბსიდირებიდან გამოვიდეთ და თუ საჭირო იქნება, რაიმე სხვა სახით დავეხმაროთ ფერმერებს, რათა მათი წარმოება მდგრადი იყოს. საუბარია მომავალი წლის გეგმაზე“, - განაცხადა მეხუზლამ.
იგი ამბობს, რომ ახალი სქემა რაც შეიძლება მალე უნდა შემუშავდეს, რათა იანვარ-თებერვალში, როცა ვენახებში სხვლა-ფორმირების სამუშაოები დაიწყება, ფერმერებმა უკვე უნდა იცოდნენ რას ელოდონ.
„წელს საფერავის ჯიშის ყურძნის რეალიზაცია სრულიად სახელმწიფოს ჩარევის გარეშე განხორციელდა. გვინდა, რომ საფერავის მსგავსად, არ ჩავერიოთ ფასის განსაზღვრასა და სუბსიდირებაში სხვა ჯიშებთან მიმართებაშიც. შესაძლოა, მოვიფიქროთ სხვა სქემა, რათა სხვა მეთოდებით იქნას ანაზღაურებული ის დანახარჯები, რასაც ვენახის მოვლაზე ფერმერები გასწევენ. გვინდა რაც შეიძლება მალე მოხდეს ამ სქემის შემუშავება და გაცხადება. იანვრის ბოლოს, თებერვალში, როცა იწყება ვენახებში სხვლა-ფორმირება, ეს ყველაფერი უკვე ცნობილი უნდა იყოს და ფერმერმა იცოდეს, რასთან ექნება საქმე“, - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.
რაც შეეხება, წლევანდელ რთველს, ამ დროისთვის უკვე გადამუშავებულია 250 000 ტონამდე ყურძენი და 1-2 კვირაში ყურძნის კრეფა-ჩაბარება უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით დასრულდება.
„რთველი 2022 დასასრულს უახლოვდება. კახეთის რეგიონში თითქმის მთლიანად ჩაბარდა ყურძენი. ახლა მიმდინარეობს ყურძნის კრეფა და ჩაბარება საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. დაბინავებულია ყურძენი რაჭაში. მთლიანად ჩაბარდა ხვანჭკარისთვის განკუთვნილი ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი და დღე დღეზე დაიწყება რთველი ცაგერის მუნიციპალიტეტში. 1-2 კვირაში რთველი უკვე დასრულდება“, - თქვა მეხუზლამ.