მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მომხმარებელი დაგვაკლდება“ - შეზღუდვების გავლენა Oktopus Fitnes Club-ზე

5fa9408267ae8
ვიქტორია მღებრიშვილი
10.11.20 09:45
1019
ფიტნეს კლუბ Oktopus-ის დამფუძნებლის გიორგი ასათიანის განცხადებით, გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით, 9 ნოემბრიდან ამოქმედებული რეგულაცია კლუბის მომხმარებელთა რაოდენობას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

BM.GE-ისთან საუბრისას კომპანიის დამფუძნებელი ყვება, რომ ფიტნეს კლუბი დღემდე 24 საათიან რეჟიმში მუშაობდა და მომხმარებლები Oktopus-ს, ძირითადად, საღამოს 7-8 საათიდან სტუმრობდნენ. 

„ამოქმედებული შეზღუდვების გათვალისწინებით, ფიტნეს კლუბი მუშაობს დილის 7 საათიდან 21:00 საათამდე. ბუნებრივია, ეს დაეტყობა მომხმარებელთა რაოდენობას, რადგან რეალურად ფიტნესზე მოთხოვნა სამუშაო საათების შემდეგაა; აქედან გამომდინარე, მომხმარებლები დაგვაკლდება. გამიჭირდება იმის თქმა, რამდენად შემცირდება დატვირთვა, იმიტომ რომ შესაძლოა მათ, ვისთვისაც ვარჯიში და ჯანსაღი ცხოვრების წესი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, დილის საათებში გადმოინაცვლონ... თუმცა კლება ცალსახად იქნება“, - განაცხადა გიორგი ასათიანმა. 

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია სწრაფად გადაეწყო ახალ მოთხოვნებზე და მათ შორის ჯგუფური ვარჯიშები ოპერატიულად ახალ დროებზე დანიშნა, მომხმარებლები ყოველი შეზღუდვის დაწესებისას დისკომფორტს განიცდიან და ეს გაზაფხულზე ამოქმედებული შეზღუდვების შემდეგ კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზეც აისახა. 

„Oktopus-ის დატვირთვა პირველი შეზღუდვების დაწესების შემდეგ იმდენად შემცირდა, რომ სულ მინუსი გვაქვს... ამის იქით რა შეიძლება იყოს, აღარ ვიცით. ჯამში, კომპანია ზარალზეა და წლის ბოლოსაც ზარალზე იქნება, მთავარია, რომ რაღაცნაირად გავძლოთ იქამდე და შევძლოთ სესხს და იჯარას მოვემსახუროთ და ხელფასები გავცეთ ანუ ძირითადი ფინანსური ვალდებულებები გავისტუმროთ, თორემ საუბარი არ არის განვითარებასა და შემოსავლების ზრდაზე", - განმარტა Oktopus-ის დამფუძნებელმა. 

გიორგი ასათიანი აცხადებს, რომ წინა წელთან შედარებით, ფიტნეს კლუბის დატვირთვა 30%-ითაა შემცირებული. 

შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი - 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებებით.