მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მომზადებულია ნუშისა და კაკლის ტექნიკური რეგლამენტი, მთავრობა მალე დაამტკიცებს“ – მინისტრის მოადგილე

6184d143ac71f
ვიქტორია მღებრიშვილი
05.11.21 10:42
915
„5-6 წელიწადში ნუში და კაკალი მნიშვნელოვან საექსპორტო პროდუქციად იქცევა“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის 2018-2021 წლების საქმიანობის შემაჯამებელ კონფერენციაზე განაცხადა.

ღონისძიებაში ნუშის და კაკლის მწარმოებელმა ფერმერებმა და აღნიშნულ აგროინდუსტრიაში ჩართულმა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

„სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერი პროგრამები 2013 წლიდან ხორციელდება. ათეულობით მილიონი ლარია ჩადებული როგორც პირველად წარმოებაში, ისე გადამმუშავებელ და შემნახველ მეურნეობაში. ეს ჯერ მხოლოდ საწყისი ეტაპია. უახლოეს 5-6 წელიწადში, როგორც ნუში, ისე კაკალი, იქცევა ძალიან მნიშვნელოვან საექსპორტო პროდუქციად. სახელმწიფოს მხრიდან დარგის განვითარების ხელშეწყობა გრძელდება, უკვე მომზადებულია, როგორც ნუშის, ისე კაკლის მიმართულებით ტექნიკური რეგლამენტი და მას მთავრობა უახლოეს მომავალში მიიღებს. ეს დოკუმენტები ხელს უწყობს, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ყველა ვალდებულების შესრულებას და ისეთი საექსპორტო პროდუქციის წარმოებას, რომელიც მიაწოდებს ქვეყნის შიდა ბაზარს მაღალხარისხიან პროდუქციას და, ამავე დროს, დააკმაყოფილებს ყველა ევროპული თუ არაევროპული ქვეყნის მოთხოვნებს”, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციამ, 2020 წლის დეკემბერში, USAID-ის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის მხარდაჭერა მიიღო, რომლის ფარგლებში აქტიურად დაიწყო ამ აგროინდუსტრიის გაძლიერების ღონისძიებების განხორციელება.

ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ლაშა ჯუღელის განცხადებით, ასოციაცია 2018 წელს შეიქმნა და დღეისათვის, მასში გაერთიანებულია 30-ზე მეტი ფერმერი; ასოციაციასთან 800-მდე მწარმოებელი თანამშრომლობს.