მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მქონდა შეხვედრები ორივე მხარესთან, ყოველდღიურ კონტაქტზე ვარ სამინისტოებთან" - ჭიათურის მაჟორიტარი

6491bb89e239d
ინგა მურუსიძე
20.06.23 19:00
506
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, მას „ჯორჯიან მანგანეზის“ საკითხზე შეხვედრები ჰქონდა ორივე მხარესთან და საკითხზე ყოველდღიურ კონტაქტზეა სამინისტროებთან.

bm.ge დაინტერესდა, თუ რა ფორმით არის ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი პროცესებში ჩართული, რა პოზიცია აქვს და ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია მხარეებთან. საკითხზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტიდან კვიჟინაძის წერილობითი პასუხი მივიღეთ:

„როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ “ჯორჯიან მანგანეზმა” თანამშრომლები შვებულებაში გაუშვა ხელფასების 60%-იანი ანაზღაურების შენარჩუნებით. ეს აიხსნა მანგანუმზე მსოფლიო ბაზარზე ფასების დაცემით და კომპანია ვერ ახდენდა ნედლეულის გაყიდვას. თანამშრომლები გაგებით მოეკიდნენ თავიდან ამ საკითხს, თუმცა მათაც ჰქონდათ გარკვეული ვალდებულებები, საბანკო თუ საყოფაცხოვრებო. რაც აბსოლუტურად ბუნებრივი და გასაგებია. ამიტომაც ითხოვენ აღდგეს სამუშაო ადრე არსებული გრაფიკით, გაუმჯობესდეს შრომის პირობები და გაიზარდოს ხელფასი.

მე მქონდა შეხვედრები ორივე მხარესთან, პრაქტიკულად ყოველდღიურ კონტაქტზე ვარ სამინისტროებთან. ამ პერიოდში მოხდა მედიატორის და სამინისტროების ჩართვა ამ საკითხში და კომპანია გამოთქვამს მზადყოფნას შეასრულოს თანამშრომლების ყველა მოთხოვნა, გარდა ერთისა. ხელფასები გაიზარდოს 5%-ით თანამშრომლების მიერ მოთხოვნილი 20%-ის ნაცვლად. ხოლო თუ გაუმჯობესდება მდგომარეობა და დაიწყება მანგანუმის გაყიდვა ამ საკითხს დაუბრუნდებიან. ამჟამად ეს მდგომარეობა და უნდა გაგრძელდეს მოლაპარაკებები“, - ნათქვამია დეპუტატის წერილობით კომენტარში.

bm.ge ესაუბრა საპროტესტო აქციის მონაწილე, ტარიელ მიქაცაძესაც, რომელიც ადასტურებს, რომ დეპუტატი ნამდვილად შეხვდა მაღაროელებს და მათი პრობლემები მოისმინა, თუმცა ეს ჭიათურაში მოხდა.

„მაჟორიტარი დეპუტატი იმყოფებოდა ჭიათურაში და გაფიცულებს შეხვდა. პირადად მე არ ვესწრებოდი, თუმცა შეხვედრის მონაწილეებმა მითხრეს, რომ დეპუტატმა კვიჟინაძემ მათი პრობლემები და მოთხოვნები მოისმინა. ახლა ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს - ვიდრე ჩვენს მოშიმშილე მაღაროელებს რამე დაემართებათ, შეასრულოს კომპანიამ მოთხოვნები“, - განაცხადა ტარიელ მიქაცაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს მაღაროელების პროტესტის მე-15, ხოლო შიმშილობის მე-9 დღეა. მაღაროელების თავდაპირველი მოთხოვნები იყო:

1. 40%-იანი ხელფასის მატება (არ ეხება მენეჯმენტს)
2. 2023 წლის 01 თებერვლამდე არსებული გრაფიკის /გეგმის დაბრუნება (გარდა იმ გამონაკლისისა, რაც შეთანხმდა ვახტებზე დარჩეს 4 დღიანი გრაფიკი)
3. ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერება და გადახდის გადავადება, აქამდე დარიცხულის გასტუმრება)
4. დაზღვევის შეცვლა და პირობების გაუმჯობესება
5. მიეცეთ დასაქმებულებს შვებულებით სარგებლობის საშუალება
6. მიეცეთ დასაქმებულებს მუშაობის მალე დაწყების საშუალება
7. მოხდეს ტექნიკის განახლება/გაუმჯობესება/შეცვლა
8. მოხდეს ულუფის გაუმჯობესება (მაგ. მოხდეს კონსერვის ამოღება და მოხდეს მისი ჩანაცვლება)
9. დასაქმებულებს მიეცეთ სანატორიუმის გამოყენების საშუალება, როგორც ეს ხდებოდა პირველ თებერვლამდე.
10. ბიულეტენით სარგებლობის შემთხვევაში ანაზღაურება მოხდეს 100%-ით.
11. ანაზღაურდეს ამა წლის 7 ივნისიდან საწარმოში სამუშაო პროცესის აღდგენამდე გაცდენილი დღეები 100%-ით.
12. გაკონტროლდეს უსაფრთხოება უმაღლეს დონეზე
13. გაუქმდეს ყველა შ.პ.ს და მოხდეს მათი გაერთიანება კვლავ ერთ კომპანიად.
14. კომპანიის მიერ ღია კარიერული მოპოვების წესით ახალი ტერიტორიების ათვისებისას მოხდეს ამ საკითხის შეთანხმება კონკრეტულ სოფლის მოსახლეობასთან, ადგილობრივების პოზიცია გათვალისწინებულ იქნას, როგორც ამას ადამიანების უფლებების საერთაშორისო ნორმები და საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს, კანონის სრული დაცვით მოხდეს მანგანუმის ღია კარიერული წესით მოპოვება, ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა ჯანსაღ გარემოში ცხოვრება, შესაბამისად გაკონტროლდეს ჰაერის დაბინძურების ხარისხი, გეოლოგიური, ეკოლოგიური რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით და თუ ყველაფერი იქნება ნორმის ფარგლებში, შემდგომ მოხდეს ჰუმსოვანი ფენის მოხსნა-დასაწყობება, ბიოლოგიური რეკულტივაცია და იმ ხე-მცენარეების დარგვა გახარება, რაც ადგილობრივი კულტურისთვის არის ავთენტური.

ცნობისთვის, 13 ივნისიდან “ჯორჯიან მანგანეზთან” მოლაპარაკებების პროცესში ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციაც ჩაერთო. მედიაციის შედეგად მხარეებმა მოთხოვნათა უმრავლესობაზე შეთანხმებას მიაღწიეს, დღეისთვის მაღაროელების მთავარ მოთხოვნად ხელფასების 20%-ით მატება რჩება.