მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნენსკრაჰესის" დასრულების თარიღმა 2027 წლისთვის გადაიწია

618143c1dbb75
შოთა ტყეშელაშვილი
02.11.21 19:00
1239
"ნენსკრაჰესის” დასრულების თარიღმა 2027 წლისთვის გადაიწია. თავდაპირველად პროექტის დამთავრების თარიღად 2020 წელი განიხილებოდა, თუმცა პროექტის დაფინანსებაში არსებული სირთულის, ქვეკონტრაქტორთან ხელშეკრულების გაწყვეტის, ასევე პანდემიის გამო, ის 2027 წლამდე გადავადდა.

პროექტის განხორციელების გადავადების შესახებ სს “ნენსკრა ჰიდროს” ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა.

“ხელმძღვანელობა პროექტის ექსპლუატაციაში შეყვანას ვარაუდობდა 2020 წელს, თუმცა 2018 წელს EPC ხელშეკრულების შეწყვეტის და 2020 წელს კოვიდ-19 პანდემიის გამო, პროექტის დასრულება გადაიდო 2025 წლამდე და, სავარაუდოდ, დამატებით გადაიდება 2027 წლამდე", - ნათქვამია დოკუმენტში.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს “ნენსკრა ჰიდრომ” 35.9 მილიონი ლარით იზარალა.

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის მთავარი ინვესტორი კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-Water-ია. მას “ნენსკრა ჰიდროში” 91.9%-იანი წილი უჭირავს, 8.1%-იან აქციონერს კი, “საპარტნიორო ფონდი” წარმოადგენს. ერთობლივი კომპანია 2015 წელს დაფუძნდა.

$280-მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის ჯამური ინვესტიცია $1 მილიარდ დოლარს შეადგენს და მან დასრულების შემდეგ 1.2 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია უნდა გამოიმუშაოს. სახელმწიფოსთან გაფორმებული გარანტირებული სიმძლავრის შესყიდვის (PPA) შეთანხმებით, საქართველო ელექტროენერგიას წინასწარ დადგენილი ტარიფით (7.55 ცენტი კილოვატ საათზე) შეიძენს.

"ნენსკრაჰესის" $1 მილიარდიანი პროექტი ვერ განხორციელდება, თუკი მას გრძელვადიან კრედიტებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები არ გამოუყოფენ. EBRD და ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) წამყვანი ევროპული საფინანსო ინსტიტუტებია, რომლებიც დაფინანსების საკითხს სწავლობენ. EBRD-ის მხრიდან საუბარია $214 მილიონზე, EIB-ის მხრიდან კი $150 მილიონი დოლარის სესხზე. მათ გარდა, პროექტისთვის $314-მილიონიანი კრედიტის დამტკიცების საკითხს აზიის განვითარების ბანკიც (ADB) სწავლობს.

პროექტის თანახმად, ნენსკრას კაშხლის სიმაღლე 125 მეტრი, სიგრძე კი 870 მეტრი იქნება. ის შექმნის 176 მლნ. მ³ მოცულობის წყალსაცავს, 2.7 კმ² ზედაპირის ფართობით. მდინარე ნაკრაზე ასევე აშენდება 8.7 მ სიმაღლისა და 44.0 მ სიგრძის მცირე კაშხალი. 

კომპანიის მთლიანი აქტივები 434 მილიონი ლარია.