მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნიკოს სტიპენდია" – ნიკო კვარაცხელიას ოჯახი ბათუმში გარდაცვლილი არასრულწლოვნების ძმებს სტიპენდიას უნიშნავს

6162cb9f7d5be
BM.GE
10.10.21 15:16
24937
რამდენიმე კვირის წინ თბილისში, ვერაზე მოკლული Feeds–ის დამფუძნებლის ნიკო კვარაცხელიას ოჯახი ბათუმში შენობის ჩამოშლის შედეგად გარდაცვლილი არასრულწლოვნების ძმებს სტიპენდიას უნიშნავს. ამის შესახებ ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც ისინი სამძიმარს უცხადებენ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.

განცხადებას BM.Ge უცვლელად გთავაზობთ:

“მოზიარე ვართ თქვენი დიდი მწუხარების.

ყველაზე კარგად ჩვენს ოჯახს ესმის, რას გრძნობთ ახლა, რა ტკივილი გაქვთ და როგორ დათმობდით ყველაფერს, რომ თქვენი ცოლი და შვილები გადაგერჩინათ. დარწმუნებული ვართ, თქვენ, ისევე როგორც ჩვენ, დიდ იმედებს ამყარებდით თქვენს შვილებზე. ოცნებობდით, რომ ისინი მაინც იცხოვრებდნენ განსხვავებულ საქართველოში და საკუთარ თავზე არ გამოსცდიდნენ იმ ცხოვრებისეულ სიმძიმეებს, რაც ჩვენმა თაობამ გამოსცადა. ვერაფრით განუგეშებთ, რადგან ეს ტკივილი არის განუკურნებელი. ერთადერთი, რითაც ჩვენს ოჯახს შეუძლია გამოხატოს თქვენდამი თანადგომა, "ნიკოს სტიპენდიაა". ჩვენი გადაწყვეტილებით, თქვენი შვილები ყოველთვიურად მიიღებენ "ნიკოს სტიპენდიას", რომლითაც, იმედი გვაქვს, შეძლებისდაგვარად უზრუნველვყოფთ მათთვის უკეთესი განათლების მიცემის შესაძლებლობას. გვჯერა, რომ მხოლოდ განათლებულ, პასუხისმგებლობის მქონე პროფესიონალ ადამიანებს შეუძლიათ იმ უკეთესი საქართველოს მშენებლობა, რომელშიც ასე გვინდოდა, რომ ჩვენს შვილებს ეცხოვრათ”, - აღნიშნულია ნიკო კვარაცხელიას ოჯახის წერილში.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7-სართულიანი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა. მომხდარის შედეგად ცხრა ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის დედა და ორი შვილი.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მომხდართან დაკავშირებით 11 ოქტომბერი ქვეყანაში გლოვის დღედ ცხადდება.

შსს-ის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულია სამი პირი, რომელთაც სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების დარღვევა ედებათ ბრალად. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.