მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოცნების" და ოპოზიციის ლიდერებმა შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს

607dc8c9a22c9
თამთა ჯიჯავაძე
19.04.21 22:26
1554

მმართველი პარტია "ქართული ოცნების" და ოპოზიციის ლიდერებმა შეთანხმების დოკუმენტს - "საქართველოს წინსვლის გზა" ხელი მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიალი ოპოზიციის და მთავრობის წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.



„ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და მე, როგორც ევროკავშირის ელჩმა, რომელიც ამ საკითხში ჩართული ვიყავი, ეს ხაზგასმით მინდა აღვნიშნო. აქ მხოლოდ ისინი კი არ არიან, რომლებიც ამ შეთანხმებას აწერენ ხელს, არამედ, საქართველოს მოსახლეობაც, საქართველოს მოქალაქეებიც. დიდი მადლობა ყველას იმ თანამშრომლობისთვის, რომელიც ჩვენ გვქონდა ამ პერიოდის განმავლობაში და ასევე იმისთვის რომ დღეს ამ შეთანხმებას ხელი ეწერება“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს დავით ბაქრაძემ, ალეკო ელისაშვილმა, ბადრი ჯაფარიძემ, ზურაბ ჯაფარიძემ, მამუკა ხაზარაძემ, ვახტანგ მეგრელიშვილმა, შალვა პაპუაშვილმა, სალომე სამადაშვილმა, ხათუნა სამნიძემ, არჩილ თალაკვაძემ, გიორგი ვაშაძემ.

დოკუმენტზე ხელმოწერის ღონისძიებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დისტანციურ რეჟიმში დაესწრო.

როგორც ცნობილია, დოკუმენტის თანახმად, ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

ამასთან, შარლ მიშელის წინადადების თანახმად, "ქართული ოცნების" 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია "ქართული ოცნება" მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს.