14.აგვისტო .2020 22:00

"პანდემიამ კატერების ბიზნესი გაანადგურა" – გამქირავებელი კომპანიები

views 511
უკან

ტურიზმის სექტორში ჩართული სხვა კომპანიების მსგავსად კატერების ბიზნესიც საუბრობს სახელმწიფოს მხრიდან საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით შექმნილ ცრუ მოლოდინებზე, რომელმაც მათი ისედაც კრიზისული მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. როგორც BMG-სთან საუბრისას კერძო სექტორი ამბობს, დღეს თბილისში კატერების ბიზნესის პოპულარიზაცია არ ხდება, რაც გამოიხატება იმაში, რომ ადგილობრივი მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნა მინიმალურია.

“1 ივლისისთვის ჩვენ უკვე ველოდებოდით ტურისტულ ნაკადებს. ვცდილობდით მოგვეზიდა დამატებითი კადრები, გვქონდა შემუშავებული გარკვეული გეგმები ციფრული მარკეტინგის მიმართულებით რომ რეკლამა ტურისტებზე ყოფილიყო გათვლილი. მოლოდინები არ გამართლდა, კრიზისს კი ისევ კრიზისი დაემატა. რაც უფრო გაიწელება ეს პერიოდი, რაც უფრო მეტად შეჩერდება ეს პროცესი, მით უფრო დაზარალდება ჩვენი ბიზნესი და ზოგადად მთლიანად საქართველოს ეკონომიკა", – განაცხადა კომპანია “რივერ თრიფის” წარმომადგენელმა ანა თოლორაიამ. 

თბილისში კატერების ერთ-ერთი გამქირავებელი გიორგი ბუჟღულაშვილი კი ამბობს, რომ მათ გასულ წელს ნამყოფი ტურისტები უკავშირდებიან, საქართველოში კვლავ ჩამოსვლის სურვილს გამოთქვამენ.

"ისინიც ელოდებიან საზღვრების გახსნას, მაგრამ ამაოდ. კიდევ უფრო იწევს ეს საკითხი გაურკვეველი ვადით", – აღნიშნა ბუჟღულაშვილმა.

მტკვარზე კატერების გამქირავებელი კიდევ ერთი კომპანიის წარმომადგენელი ანა სამხარაძე ამბობს, რომ პანდემიამ კატერების ბიზნესი სრულად გაანადგურა. მისივე თქმით, შეიძლება ითქვას, რომ მოთხოვნა 95%-ითაა შემცირებული.