მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართულ მაღაზიათა ასოციაცია" "თამბაქოს კონტროლის ალიანსს" პასუხობს

5eff440201c27
ვიქტორია მღებრიშვილი
03.07.20 18:45
1392
"ქართულ მაღაზიათა ასოციაციის" გამგეობის თავმჯდომარე ლუკა ჭელიძე „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას ინტერპრეტირებულს უწოდებს და ამბობს, რომ განცხადებაში ფაქტები არასწორად არის წარმოდგენილი და ამასთანავე არ არის ნახსენები ასოციაციის მიერ პარლამენტში წერილის გაგზავნის მთავარი მოტივი.

„საქართველოს კონტროლის ალიანსი" „ქართულ მაღაზიათა ასოციაციას“, კონკრეტულად კი მის ხელმძღვანელს ლუკა ჭელიძეს, თამბაქოს პოპულარიზაციაში სდებს ბრალს და აცხადებს, რომ ასოციაციამ პარლამენტს მიმართა ინიციატივით, რომ თამბაქოს კონტროლის მექანიზემები, რომელიც გარე ხილვადობის შეზღუდვას გულისხმობს, არა 2021 წლის იანვრიდან, არამედ 2024 წლის იანვრამდე გადავადდეს.

ამასთან ალიანსი, ასოციაციის ერთ-ერთ დონორ ორგანიზაციას USAID-ს მიმართავს, რომ შეუწყვიტონ ასოციაციას დაფინანსება, რადგან ისინი არღვევენ კანონს და თამბაქოს პოპულარიზაციას ახდენენ.

BM.GE-სთან საუბრისას „ქართულ მაღაზიათა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე ლუკა ჭელიძე ამბობს, რომ მათ პარლამენტს წერილით მიმართეს, რომლის მოტივი მათი წევრი მაღაზიების ინტერესების დაცვა იყო და არა თამბაქოს პოპულარიზაცია.

„ის, რაც წერია თამბაქოს კონტროლის ალიანსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ყველაფერი უშნოდ ინტერპრეტირებულია. ასოციაციას ჰყავს 920 წევრამდე და მათგან დაახლოებით 270 არის თამბაქოს ჯიხური.

2020 წლის მაჩვენებლით, კონტრაბანდის გაზრდილი ოფიციალური მაჩვენებლებიდან ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, რომ აქამდე თუ იყო დასავლეთ საქართველოში ახლა აღმოსავლეთ საქართველოშიც იყიდება კონტრაბანდული სიგარეტი. ჩვენ ჩვენი მაღაზიების ინტერესიდან გამომდინარე საქართველოს პარლამენტს მივწერეთ, რომ თუ 2021 წელს შევა ძალაში(ხილვადობის შესღუდვა), ეს გამოიწვევს იმას, რომ თამბაქოს კომპანიების სტენდებს აიღებენ და ის შემოსავალი, რაც მაღაზიებს აქვთ კომპანიებისგან, გაუუქმდებათ. არავინ თამბაქოს რეკლამირებაზე არ საუბრობს. ასოციაციის ყველა წევრი არის გამჭირვალე და არც ერთ პროექტში თამბაქოს რეკლამირებაზე საუბარი არ ყოფილა. ჩვენ რა საკითხებზეც ვმუშაობთ, ზოგიერთი თამბაქოს ეხება და მცირე მაღაზიებსითვის მნიშვნელოვანია.

პანდემიიდან გამომდინარე შექმნილი სიტუაციიდან და კრიზისიდან გამომდინარე ლოგიკური იქნებოდა, რომ ჩვენ მცირე მაღაზიებს ხელი შევუწყოთ, არ დაიხურონ“, - ამბობს ლუკა ჭელიძე.

„ქართულ მაღაზიათა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე ასევე განმარტავს, რომ USAID-ის პროექტებით დადგმული არც ერთი სტენდი არ შეეხებო თამბაქოს.

„USAID-ს მხარეს რაც შეეხება, ინფორმაცია გამჭირვალეა და ნებისმიერი წევრი დაგვიდასტურებს- არასდროს ყოფილა თამბაქოს პოპულარიზაციასთან დაკავშირებული საკითხები. უბრალოდ მე ვერ მივხვდი, რაზე საუბრობენ განცხადებაში. სტენდები, რასაც ჩვენ USAID-ს პროექტის ფარგლებში ვდგამთ, იქ თამბაქო ვერანაირად ვერ იქნება, იმიტომ, რომ ეს კანონი ისედაც არსებობს, რომელიც თამბაქოს შიდა ხილვადობას კრძალავს, აქედან გამომდინარე ეგ აბსურდია. მეორე - ის, რომ ჩვენ პარლამენტში რომელიმე სხდომაზე ინიციატივით გამოვედით, ეს ასე არ არის. ერთხელ ვიყავით დიმიტრი ცქიტიშვილის (დეპუტატის) მოსმენაზე შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და იქ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირე საკითხთან დაკავშირებით“, - აცხადებს „ქართულ მაღაზიათა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე.

ლუკა ჭელიძე მზად არის „თამბაქოს კონტროლის ალიანსთან“ ერთად თამბაქოს პოპულარიზაციის წინააღმდეგ აქტივობები გამართოს: „ჩვენ მზად ვართ, რომ ბატონი გირგი ბახტურიძე (თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი) შემოგვიერთდეს პროექტში და თუ უნდა, დავაწეროთ სტენდებზე, რომ თამბაქოს მოწევა კლავს. მთავარი არის კომუნიკაცია. ჩემი სახელი წერია განცხადებაში და მიმართვაა მესამე პირზე - USAID-ზე -და ჩვენ არავინ დაგვკავშირებია“.