მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართული თაფლი ექსპორტზე მაისამდე აღარ გავა" - ასოციაცია მიზეზებზე

6405f537011e8
თინათინ ნატმელაძე
07.03.23 10:50
1530
2023 წლის მაისამდე ქართული თაფლი ექსპორტზე აღარ გავა, - ამის შესახებ ინფორმაციას „თაფლის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ალეკო პაპავა ავრცელებს. როგორც ის BMGTV-ის გადაცემა „საქმის კურსში“ საუბრისას აცხადებს, ექსპორტის შეფერხება საქართველოში თაფლის მარაგების ამოწურვამ განაპირობა.

„გასულ წლებში დაგროვებული თაფლის მარაგები გვქონდა, წელს ეს მარაგებიც ამოიწურა. ამას ისიც დაემატა, რომ ადგილობრივ ბაზარზე თაფლზე მოთხოვნა გაიზარდა, რადგან გაუმჯობესდა ქართული თაფლის ხარისხიც. ასევე, ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ევროკავშირი ჩვენგან აკაციის თაფლს ითხოვს, საქართველოში კი აკაციის ტყეები შემცირდა, თან თაფლოვანი მცენარეების ყვავილობას წვიმიანი სეზონი დაემთხვა და საერთო ჯამში, ეს იმას ნიშნავს, რომ თაფლოვანი მცენარეების გაუმჯობესებაზე მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ.“ - განაცხადა ალეკო პაპავამ.

„თაფლის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ასევე აღნიშნავს, რომ თუ ამ დროისთვის საქართველოში ფუტკრის ერთი ოჯახი 10-15 კილოგრამ თაფლს აწარმოებს, რესურსები იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს რაოდენობა 25-30 კილოგრამამდე გაიზარდოს.

„ამჟამად საქართველოში 2500-3000 ტონა თაფლი იწარმოება, ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ ეს მოცულობა 8000-10000 ტონამდე გაიზარდოს, შემოსავალი კი თუ ახლა 2-3 მილიონია, შესაძლებელია, რომ ეს შემოსავალი 100 მილიონი გახდეს, ამისთვის კი სტანდარტების დაცვა, სკების რაოდენობის გაზრდა, მწარმოებლების ბაზის გაუმჯობესება და ცოდნის ამაღლებაა საჭირო.

აუცილებელია, რომ ამ პროცესში სახელმწიფოც აქტიურად ჩაერთოს. იყო გარკვეული პროგრამები, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფომ მეფუტკრეებს სკები გადასცა, თუმცა ეს სკები იმ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, რომლის დაცვაც აუცილებელია, შესაბამისად ნებისმიერი ღონისძიების განხორციელების დროს სახელმწიფოს ჩვენთან უნდა ჰქონდეს კომუნიკაცია, რადგან ჩვენ ზუსტად ვიცით, რა გამოწვევები არსებობს ამ დარგში.“ - განმარტავს მეფუტკრე.

მისივე ცნობით, ბოლო პერიოდში აღმოიფხვრა ლაბორატორიების პრობლემაც, საწარმოები მუდმივად ცდილობენ, რომ აკრედიტაცია გაიარონ და საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილონ, შედეგად ამჟამად ქართული თაფლი ევროკავშირის ყველა ქვეყანაში თავისუფლად რეალიზდება.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს საქართველოდან ექსპორტზე 1.1 მილიონი დოლარის ღირებულების, 258.1 ტონა თაფლი გავიდა, 2023 წლის სამიზნე მაჩვენებელი კი ასოციაციისთვის 500 ტონაა. რაც შეეხება წლის დასაწყისს, 2023 წლის იანვარში უცხოეთში მხოლოდ 0.72 ტონა თაფლი გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს რაოდენობა 22.5 ათასი ტონა იყო.