მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსების შემოსვლა ეკონომიკაში ტვირთია თუ კონტრიბუცია?“ - დეპუტატი მინისტრს

633ec2dbe29f7
თამთა ჯიჯავაძე
06.10.22 16:05
826
დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში მისულ ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს რუსეთის მოქალაქეების შემოდინების ეკონომიკურ ეფექტზე ჰკითხა. დეპუტატმა ასევე იკითხა, რამდენად სწორ პოლიტიკად მიიჩნევს ეკონომიკის მინისტრი რუსეთში ექსპორტის ზრდას.

„ჩემი შეკითხვა ეხება რუსეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობით შემოსვლას. მინდა მოვისმინო ძალიან კონკრეტული პასუხი შეკითხვაზე: დათვლილი გაქვთ თუ არა, ამ ხალხს - დიდი რაოდენობით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში შემოდიან, ეკონომიკაში რა შემოაქვთ და რას მოიხმარენ ჩვენი ეკონომიკიდან, რათა ჩვენ დავადგინოთ ეს ხალხი ჩვენთვის ეკონომიკურად ტვირთია, თუ მათ მართლაც კონტრიბუცია მოაქვთ ეკონომიკისთვის.

ასევე, მაინტერესებს, მიგაჩნიათ თუ არა რომ თქვენი ხელისუფლების პირობებში რუსეთში ექსპორტი 13-ჯერ რომ გაიზარდა, სწორი პოლიტიკა იყო თუ არა დღევანდელი გადასახედიდან.

გარდა ამისა, გკითხავთ რატომ არ აქვეყნებთ დღემდე ანაკლიის პორტზე MTBS-ის მიერ მომზადებულ დასკვნას, რატომ გაასაიდუმლოეთ ეს დოკუმენტი, რომელშიც გადასახადის გადამხდელების ფული დახარჯეთ“, - მიმართა სალომე სამადაშვილმა ლევან დავითაშვილს.

განახლება:

სამადაშვილის კითხვას მინისტრმა შემდეგნაირად უპასუხა:

"ომის შემდეგ ჩვენ მივიღეთ რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი მთლიანად, არამხოლოდ რუსეთის მოქალაქეები... რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან ჯამში შემომსვლელთა რიცხვი 100 000-ზე მეტი არაა. იმ შემთხვევაში თუ ეს ადამიანები ჩვენს ეკონომიკაში ხარჯავენ თანხას, თუ რამეს მოიხმარენ, ბუნებრივია ეს ეკონომიკის წახალისებაა.

რაც შეეხება კითხვას, რომ 13-ჯერ გაიზარდა ექსპორტი საქართველოდან რუსეთში, მარტივად გეტყვით, 2006-დან 2013 წლამდე საქართველოდან რუსეთში ექსპორტი იყო 0. საქართველოდან არაფერი გადიოდა, რუსეთიდან ერთი ლარი არ მიგვიღია. ამავე დროს საქართველომ იყიდა 1 მლრდ 200 მლნ დოლარის მხოლოდ სასურსათო პროდუქცია რუსეთიდან. ვინ მოიგო? ხოლო მას შემდეგ, რაც ჩვენ ექსპორტი რუსეთში დავიწყეთ, ჩვენ ფაქტობრივად დავაბალანსეთ და ან პლუსში ვართ, ან გავათანაბრეთ ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელი".

ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.