მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველო ცნობილი იქნება არამხოლოდ ღვინით, არამედ საუკეთესო ხარისხის ლოკოკინების მწარმოებელიც გახდება”

6069929cb5a19
თათია კაკიაშვილი
05.04.21 09:00
4647

იტალიურ – ქართული ინვესტიციით საქართველოში ლოკოკინის ხორცის გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდება. შესაბამისი ხელშეკრულება მხარეებს შორის უკვე გაფორმებულია. იტალიურ მხარეს წარმოადგენს ლოკოკინების "იტალიელ ფერმერთა კონფედერაციის" საპატიო პრეზიდენტი ჯოვანი ავანინა, რომელიც საქმიანი ვიზიტით საქართველოს 1-3 აპრილის ჩათვლით ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში მან ქართულ ჯგუფთან ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ლოკოკინის ხორცის გადამამუშავებელი საწარმოს აშენებას. ახალი საწარმოს ადგილმდებარეობა, ასევე, მასში ჩადებული ინვესტიციის შესახებ ინფორმაცია მოგვანებით გახდება ცნობილი.

მხარეებს შორის გაფორმებული დოკუმენტის შედეგად შეიქმნა კომპანია – ლოკოკინების იტალიელ ფერმერთა კონფედერაცია კავკასიაში – აღნიშნული საწარმოს ქართველი დამფუძნებლები არიან: გია ბაზღაძე (კავეას ხელმძღვანელი, EY დამფუძნებელი საქართველოში), ზურა ნიკვაშვილი (Head of tax and legal EY), გრიგოლ სიდამონიძე (Head of Tax and Law at PKF KAIZEN GEORGIA), ამერიკაში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი კობა ბუთურიშვილი და ახალგაზრდა ბიზნესმენი, კომპანიის მთავარი მეწილე და დირექტორი გიორგი ქადაგიძე.

საქართველოში საკუთარი გეგმების შესახებ "იტალიელ ფერმერთა კონფედერაციის" საპატიო პრეზიდენტი ჯოვანი ავანინა ექსკლუზიურად გადაცემა "Forbes კვირას" ესაუბრა.

„საქართველოში შერჩეული ეს გუნდი ფაქტობრივად ჩვენი წარმომადგენელი იქნება არა მარტო თქვენს ქვეყანაში, არამედ მთელ კავკიასიაში. სწორედ ამის გამო, ჩვენ მათთან ექსკლუზიური ხელშეკრულება გავაფორმეთ, რომლის ფარგლებში მათ ექნებათ უფლება, გამოიყენონ ყველა ჩვენი კვლევა, მასალა, ლიტერატურა, ინსტრუქციები, რეგულაციები ისევე, როგორც იყენებენ იტალიასა და იმ 40 ქვეყანაში, სადაც ითარგმნა ჩვენ მიერ გამოცემული წიგნები”, - ამის შესახებ ლოკოკინების იტალიელ ფერმერთა კონფედერაციის პრეზიდენტმა ჯოვანი ავანინამ გადაცემაში „Forbes კვირა“ განაცხადა.

მისი თქმით, ხელშეკრულების ფარგლებში იტალიელი წარმომადგენლობა ვალდებულებას იღებს, რომ სამომავლოდ ქართული კომპანიის მიერ წარმოებულ ნებისმიერი რაოდენობის პროდუქციას მსოფლიო ბაზარი შეისყიდის და როგორც ლოკოკინის ხორცი, ასევე ლორწო ევროპაში გავა ექსპორტზე.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძლიერი გუნდი დაკავდება არა მხოლოდ ლოკოკინების მოშენებით, არამედ შესაბამისი ხარისხის ხორცის დამზადებით, ლორწოს ამოღებით, კონსულტაციებით და არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ მთელ კავკასიაში იმისათვის, რომ მაღალი ხარისხის პროდუქცია ევროპაში გაიტანონ. მე მაქვს ამბიცია და ვიმედოვნებ, რომ ასეც იქნება - საქართველო, არა მხოლოდ ღვინის მწარმოებელ ქვეყანად იქნება ცნობილი, არამედ მალე საუკეთესო ხარისხის ლოკოკინების მწარმოებელიც გახდება”, - განაცხადა ჯოვანი ავანინამ.

როგორც ახალი კომპანიის დამფუძნებლები მიუთითებენ, ლოკოკინის ხორცზე და ლორწოზე მსოფლიოში ძალიან დიდი მოთხოვნაა. მსოფლიოს ყველაზე დიდი იმპორტიორები კი არიან - საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, ჩინეთი, იაპონია და ა.შ. მათივე ცნობით, უდიდესი მოთხოვნის გამო მსოფლიოს ბაზარზე ლოკოკინის ხორცის 40%-იანი დეფიციტია.