მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სახალხო აფთიაქი" გადახდისუუნარობა/რეაბილიტაციის პროცესში შევიდა

61ee651420c67
შოთა ტყეშელაშვილი
24.01.22 12:47
1947
"სახალხო აფთიაქი" გადახდისუუნარობა/რეაბილიტაციის პროცესში შევიდა, შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. სასამართლოს განჩინების მიხედვით, სააფთიაქო ქსელში შექმნილი რთული ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე აუცილებელი გახდა კომპანიის რეაბილიტაციის პროცესის დაწყება. გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლო წლების განმავლობაში სააფთიაქო ქსელმა ქვეყნის მასშტაბით არსებული 85 აფთიაქის ნახევარზე მეტი უკვე დახურა. 

"კომპანია ახორციელებდა ფარმაცევტული და პარაფარმაცევტული პროდუქციის იმპორტს 15-ზე მეტი ქვეყნიდან და თავის ცენტრალური საწყობის/ბაზის საშუალებით ამარაგებდა არაერთ მსხვილ კლინიკურ ქსელს შესაბამისი პროდუქციით, თუმცა ამჟამად გართულებული ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, მოკლებულია აღნიშნულ შესაძლებლობას.

კომპანიის წილების 50%-ის მესაკუთრე, ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანია, რომლის დაზღვეულებსაც, პრიორიტეტული პროვაიდერის სტატუსით, წლების განმავლობაში ემსახურებოდა შპს „სახალხო აფთიაქი“, გავიდა კოპანიის მართვიდან და აღნიშნული პროვაიდერობის კონტრაქტის დაკარგვით, კომპანიას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად შეუმცირდა რეალიზაცია და შესაბამისი შემოსავალი, რის გამოც, კომპანია იძულებული გახდა, ქვეყნის მაშტაბით მოქმედი 85 აფთიაქიდან, ეტაპობრივად დაეხურა ნახევარზე მეტი, შეიქმნა ქსელის საჭირო პროდუქციის მომარაგების პრობლემა, რის საფუძველზეც გაუარესდა კომპანიის ფინანსური მდგომარეობა და შესაბამისად, გაიზარდა მისი კრედიტორული ვალდებულებები, რის საფუძველზეც კომპანია იმყოფება გადახდისუუნარობის მდგომარეობაში, რაც გახდა საფუძველი, რომ შპს „სახალხო აფთიაქი“ შემოსულიყო სასამართლოში შპს „სახალხო აფთიაქის“ მიმართ გადახდისუუნარობის პროცესის დაწყების მოთხოვნით, რეაბილიტაციის გზით და მოვალის მართვაში დატოვებით.

სასამართლო გაეცნო განცხადებას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ შპს „სახალხო აფთიაქის“ დირექტორის, პაპუნა ტოლიაშვილის განცხადება აკმაყოფილებს „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და იგი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი,"- ნათქვამია მაცნეზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

განჩინების შედეგად, "სახალხო აფთიაქის" სხვადასხვა ვალდებულებებზე აღსრულების პროცესი ჩერდება.

"სახალხო აფთიაქს" გამოქვეყნებული აქვს 2020 წლის ფინანსური ანგარიში, რომლის მიხედვითაც ქსელის მთლიანმა შემოსავალმა 2020 წელს 6 მილიონი ლარი, ზარალმა კი 1 მილიონი ლარი შეადგინა. 2019 წელს ქსელის გაყიდვები 8.4 მილიონი ლარი ზარალი კი 2.7 მილიონი ლარი იყო. ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიის აქტივები 2020 წლის ბოლოსთვის 2.3 მილიონი ლარი, ვალდებულებები კი 11.3 მილიონი ლარი იყო.

სახალხო აფთიაქის მესაკუთრეები არიან:

შპს სახალხო აფთიაქის განვითარების ფონდი - 50%;
შპს სახალხო აფთიაქი სინერჯი - 25%;
ბესიკ კვირკვია - 15%;
მარინა ზენაიშვილი - 10%.