მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თიბისისა" და "საქართველოს ბანკის" აქტივებს შორის სხვაობა მცირდება - ასოციაცია

625fb7a421734
შოთა ტყეშელაშვილი
20.04.22 11:34
3532
საქართველოს საბანკო ასოციაციის ანგარიშის თანახმად, 2022 წლის მარტის მდგომარეობით "თიბისი ბანკის" და "საქართველოს ბანკის" აქტივებს შორის სხვაობა მცირდება.  საბანკო სექტორის ლიდერი აქტივების მხრივ, "თიბისი ბანკია" და მისი ჯამური აქტივები 23 მილიარდ ლარს აღემატება. 

მთლიანობაში საქართველოში მოქმედი 14 ბანკის აქტივები 61.8 მილიარდ ლარს აღწევს. 

"2022 წლის მარტში თიბისი ბანკმა მოახერხა და მარტის თვეში მინიმუმამდე დასული სხვაობა მის უშუალო მდევართან საქართველოს ბანკთან კვლავ გაზარდა 992 მლნ ლარამდე, თუმცა ჩვენ ვემხრობით იმ მოსაზრებას, რომ წლის განმავლობაში შეიძლება საბანკო ბაზარმა ლიდერის ცვლილება იხილოს.

საქართველოს ბანკის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ 2022 წლის პირველი კვარტლის შედეგებით მათ მოახერხეს აქტივების 1.08 მლრდ ლარით გაზრდა (22.8 მლრდ ლარი), მაშინ როცა TBC ბანკის ნაზრდი 0.46 მლრდ ლარით შემოიფარგლა (23.8 მლრდ ლარი)", - წერს ასოციაცია. 

საბანკო სექტორში ცვლილებები გამოიწვია საერთაშორისო სანქციების გამო VTB ბანკის მიერ საკუთარი აქტივების გახსვისებამაც. ამის შედეგად, "ლიბერთი ბანკის" აქტივებმა 3.25 მილიარდ ლარს მიაღწია, ხოლო "ბაზისბანკის" აქტივები 950 მილიონი ლარით, 2.8 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. 

კერძოდ, ლიბერთი ბანკს გადაეცა SME პორტფელი და კლიენტთა ბაზა, ხოლო ბაზის ბანკს ვითიბი ბანკის საცალო კლიენტები და საფილიალო ქსელი თბილისში და რეგიონებში, რომელზეც ჩვენ მარტის თვის დასკვნაში აღვნიშნავდით.

"რუსეთ-უკრაინის საბრძოლო მოქმედებების გამო დაწესებული სანქციების წნეხქვეშ მოქცეულმა "ვითიბი ბანკმა" საქართველომ დათმო პოტენციური მესამე ბანკის პოზიციები და მე-10 ადგილზე ჩამოქვეითდა. ბანკმა მარტის თვეში ერთბაშად აქტივების 1.6 მლრდ ლარიანი კლება უჩვენა და 500 მლნ ლარის აქტივით დაასრულა თვე", - წერს საბანკო ასოციაცია. 

ამასთანავე, ასოციაციის თანახმად, შესაძლოა, თავად VTB ბანკის დარჩენილი ნაწილიც გაიყიდოს და მან ბაზარზე საქმიანობა შეცვლილი სახელით და აქციონერების სტრუქტურით გააგრძელოს. 

2022 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, ქართულ ბანკებს ეკონომიკაზე 43 მილიარდი ლარის კრედიტები აქვთ გაცემული. ამ მხრივ პირველ ადგილზეა TBC, რომელსაც 16.87 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელი აქვს, მეორე პოზიციას იკავებს "საქართველოს ბანკი" 15.6 მილიარდის სასესხო პორტფელით, ხოლო მესამე ადგილზეა "ლიბერთი" 2.27 მილიარდის სესხებით.

მთლიანობაში პირველ კვარტალში ბანკებმა 413.5 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავეს.