30.მარტი .2020 21:15

"თუ მოქალაქეები არ შეასრულებენ დაწესებულ შეზღუდვებს, შესაძლოა უფრო მკაცრი ღონისძიებები ამოქმედდეს"

views 270
უკან

მაქსიმალურად ვცდილობდით, შეგვემცირებინა ეკონომიკაზე შესაძლო ზიანი და, სწორედ, ეს იყო მიზეზი, რატომაც ჩვენ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, ვუშვებდით უფრო მეტ ეკონომიკურ აქტივობას, ვიდრე ეს იქნება იმ რეჟიმში, რომელიც ამოქმედდება ხვალიდან, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ მაქსიმალურად შემცირებულიყო პანდემიის შედეგად ეკონომიკაზე მიყენებული ზიანი და ადამიანებს სამუშაო ადგილები შეენარჩუნებინათ.

„ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ შეგვემცირებინა ეკონომიკაზე ზიანი და შეგვენარჩუნებინა, მაქსიმალურად, სამუშაო ადგილები, ადამიანებისთვის მიგვეცა საშუალება, შესაბამისი წესების დაცვით ემუშავათ, მიეღოთ შემოსავალი, თუმცა ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დღეს უკვე მოგვიწია დამატებითი შეზღუდვების დაწესება, თუმცა ამ შემთხვევაშიც, ჩვენ ვიზრუნებთ, რომ დავიცვათ ბალანსი ჯანმრთელობასა და ეკონომიკის სიჯანსაღეს შორის,“- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

როგორც ვიცე-პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პანდემიის შედეგად ქვეყნის ეკონომიკაზე მიყენებული ზიანის შესახებ პროგნოზის გაკეთება დღეს შეუძლებელია. მისივე თქმით, მთავრობის პასუხი ამ გამოწვევებზე იქნება კონკრეტული და მიზნობრივი, დამოკიდებული ზიანის შეფასებასა და შეზღუდვების მოქმედების პერიოდზე.

„ზიანი პირდაპირპროპორციულია და დამოკიდებულია იმ შეზღუდვებსა და რეჟიმებზე, რომელიც იქნება დაწესებული. დღეს ამის გათვლა და რაიმე კონკრეტული პროგნოზის გაკეთება შესაძლებელი არ არის. ამიტომ, გავიმეორებ ბატონი გიორგის შენიშვნას და მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ პოპულიზმი ძალიან სახიფათოა ამ მიმართულებით, ძალიან სახიფათოა არარეალური დაპირებების მიცემა მოსახლეობისთვის. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა და ეკონომიკური პაკეტი იქნება ძალიან მიზნობრივი, კონკრეტული და მიმართული იმ ჯგუფებზე, ეკონომიკის იმ დარგებზე, რომლებსაც ყველაზე მეტი ზიანი შესაძლოა მიადგეთ ამ პანდემიის შედეგად. ჩვენი პასუხი ამ გამოწვევებზე იქნება კონკრეტული, მიზნობრივი და დამოკიდებული იმ კონკრეტული ზიანის შეფასებაზე, რომელსაც ყველა ვნახავთ, ასევე, შეზღუდვების მოქმედების პერიოდსა და იმაზე, თუ როგორ გაგრძელდება ვითარება საქართველოში,“- აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, დღეს მთავრობა არ კრძალავს ეკონომიკურ საქმიანობას, თუმცა, თუ მოქალაქეები ზედმიწევნით არ შეასრულებენ დაწესებულ შეზღუდვებს, შესაძლოა კიდევ უფრო მკაცრი ღონისძიებები ამოქმედდეს.

„დღეს ჩვენ არ ვკრძალავთ ეკონომიკურ საქმიანობას, მაგრამ თუ მოქალაქეები ზედმიწევნით არ შეასრულებენ დაწესებულ შეზღუდვებს, თუ ვერ შევინარჩუნებთ ამ შედარებით დადებით ტემპს დაავადების გავრცელებისა და თუ ჩვენ მოგვიწევს კიდევ უფრო მკაცრი ღონისძიებების შემოღება, ამ შემთხვევაში ზიანი იქნება უკვე სხვა, რაზეც სხვა პასუხის გაცემა მოგვიწევს,“- განაცხადა ვიცე-პრემიერმა.