მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვაქცინაციის დაბალი ტემპი საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის რისკ-ფაქტორია" - EBRD

618524a827c5b
შოთა ტყეშელაშვილი
05.11.21 21:20
661
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მიიჩნევს, რომ საქართველოში ვაქცინაციის დაბალი ტემპი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი რისკ-ფაქტორია. 

ვაქცინაციის დაბალ ტემპთან ერთად EBRD ქვეყანაში გაზრდილ პოლიტიკურ დაძაბულობას და მაღალ ინფლაციასაც რისკ-ფაქტორებად ასახელებს. 

“მიმდინარე წლის დასაწყისიდან საქართველოში ინფლაციური წნეხი მზარდია. სექტემბერში ინფლაციის წლიურმა დონემ 12.3%-ს მიაღწია, რაც საწვავის იმპორტის გაზრდილი ღირებულებით, ასევე სურსათზე გლობალურად გაზრდილი ფასებით და გაცვლითი კურსის გაუფასურებით იყო განპირობებული. 2021 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი სამჯერ გაზარდა, 2021 წლის აგვისტოდან ის 10%-ს შეადგენს. წლის პირველ ნახევარში არსებული ძლიერი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, წელს საქართველოში 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი. ზრდისთვის ძირითადი რისკია ვაქცინაციის დაბალი ტემპი, ასევე პანდემიის გავრცელება და გაზრდილი პოლიტიკური დაძაბულობა,”- აღნიშნავს EBRD-ი.

NCDC-ის მონაცემებით, საქართველოში სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 1,044,096 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 36.7%-ია. ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, წლის ბოლომდე ზრდასრულთა 60%-ის აცრა იყო განსაზღვრული, თუმცა სექტემბრის მეორე ნახევრიდან ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი მკვეთრად დაეცა, რის გამოც წლის ბოლომდე ამ სამიზნე მაჩვენებლის მიღწევა თითქმის შეუძლებელი გახდა. 

სწორედ ამიტომ, საქართველოს პრეზიდენტი, ისევე როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მთავრობას ე.წ. მწვანე ბარათების და ვაქცინაციის სავალდებულო ზომების დანერგვისკენ მოუწოდებენ.