მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წელს, დაცული ტერიტორიები 110 000 ჰა-ით გაფართოვდა" - საქართველოს ტერიტორიის რა ნაწილი უჭირავს დაცულ ტერიტორიებს?

63a5c89b87a57
BM.GE
23.12.22 20:00
479
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ევროპასთან ინტეგრაციისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2022 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიში წარადგინა.

ნინო თანდილაშვილმა სამინისტროს მიერ გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე, მიღწეულ შედეგებზე და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოს დაცული ტერიტორიების გაფართოების და ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით პროგრესი გვაქვს, რადგან წელს დაცული ტერიტორიები 110 000 ჰა-ით გაფართოვდა. ქვეყნის ტერიტორიების თითქმის 14% კი დაცულ ტერიტორიებს აერთიანებს.

„საქართველოს მთავრობამ ახლახან მოიწონა სამრეწველო ემისიების შესახებ პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სამრეწველო სექტორიდან გარემოს დაბინძურების შემცირებას. 2022 წელს, პარლამენტში დაიწყო წყლის რესურსების მართვის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა, რომლის მიღება 2023 წლის გაზაფხულზე იგეგმება. აღნიშნული კანონპროექტი სრულად პასუხობს ევროკავშირის შესაბამის დირექტივებს და ხელს შეუწყობს ასოცირებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას, რაც მთავარია, წყლის რესურსების მდგრადი მართვის უზრუნველყოფას ჩვენს ქვეყანაში.

პროგრესი გვაქვს დაცული ტერიტორიების გაფართოების და ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით. საქართველოს ტერიტორიების თითქმის 14% დაცულ ტერიტორიებს აერთიანებს. წელს, დამატებით 110 000 ჰა-ით გავაფართოეთ დაცული ტერიტორიები, რაც მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნების დაცვის მიზნებიდან გამომდინარე და პასუხობს დღის წესრიგს, რომელიც ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში გვაქვს. მოვამზადეთ ბიომრავალფეროვნების შესახებ კანონი, რომელიც მომდევნო წელს საქართველოს პარლამენტს წარედგინება“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

მინისტრის მოადგილემ ქვეყანაში ნარჩენების მართვის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმა დაიწყო, რომელიც მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას და ნარჩენების დახარისხებას ითვალისწინებს. მან ასევე  ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებული ჰაერდაცვითი კანონმდებლობის და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე, რაც მოიცავს სამრეწველო ემისიების შემცირებას და მსხვილ ქალაქებში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას.

„საწარმოებისთვის დავაწესეთ ახალი სტანდარტები, საწარმოებმა დაიწყეს ონლაინ მონიტორინგის სისტემების განთავსება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ატმოსფერულ ჰაერში სამრეწველო ემისიების გაფრქვევის შემცირებას. ახალი კანონმდებლობა გვაქვს სატრანსპორტო სექტორიდან ჰაერის დაბინძურების შემცირების უზრუნველყოფისთვის“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვლმა.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, სამინისტროს მიერ განხორციელებული ყველა აქტივობა და შემუშავებული კანონპროექტები სრულ თანხვედრაშია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებთან.

გაერთიანებულ სხდომას კომიტეტების წევრები და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.