მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ზედმეტი რეგულაციებით „შეგვჭამეს“ - ფინანსისტი საბავშვო ანაბრის განკარგვის ახალ წესზე

5f4527cadac43
თამთა ჯიჯავაძე
25.08.20 19:00
8747
"არავინ არ გახსნის საბავშვო ანაბარს ან გახსნის ძალიან ცოტა, რომელმაც ნამდვილად იცის, რომ არ დასჭირდება თანხა, ვიდრე მისი შვილი სრულწლოვანი არ გახდება",  – ასე აფასებს bm.ge-ისთან ფინანსისტი ვასილ რევიშვილი სამოქალაქო კოდექსში შესულ იმ ცვლილებას, რომელიც 1 სექტემბრიდან ამოქმედდება და რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვნის ანაბარზე არსებული თანხის განკარგვა მშობლისთვის მხოლოდ სასამართლოს თანხმობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

რევიშვილი ფიქრობს, რომ საკანონმდებლო ცვლილება  საბავშვო ანაბრის გახსნის მსურველთა რიცხვს შეამცირებს.

"საბავშვო ანაბრის დარღვევის მიზეზი ის კი არ არის, რომ ბავშვის დაჩაგვრა უნდათ, არამედ ის, რომ ფული დასჭირდათ. ზოგადად, ბავშვის ანაბარს სულ ბოლოს ეხებიან ხოლმე მშობლები... ალბათ საქართველოში სულ რამდენიმე ადამიანია ისეთი, ვინც დარწმუნებულია, რომ, როცა შვილს ანაბარს უხსნის, თანხის გამოტანა ან პირობების დარღვევა არ მოუწევს", -  აღნიშნა რევიშვილმა და დასძინა, რომ "პრობლემა შეიქმნება მაშინ, როდესაც მშობელს სასწრაფოდ დასჭირდება თანხა და ვალდებული იქნება სასამართლოს მიმართოს ნებართვისთვის, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს.

გარდა ამისა, ფინანსისტი ამ ცვლილების დადებით მხარეზეც საუბრობს. მისი თქმით, შესაძლებელია, რომ საბავშვო ანაბრის პირობები გაუმჯობესდეს.

„თუ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ რაც არ უნდა გამიჭირდეს, ამ ფულს ბავშვის სწავლისთვის ვინახავ, სავარაუდოდ, ბანკებმა უკეთესი პირობები უნდა შემომთავაზონ, ამას ბაზარი გვაჩვენებს; მოკლედ, ცვლილებას ორი მხარე აქვს. ჩემთვის პირველი მხარე უფრო მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ზედმეტი რეგულაციებით „შეგვჭამეს“. ამას დავარქვათ ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის ახალი კაპრიზი“, - ამბობს ფინანსისტი.

რაც შეეხება, ამ მხრივ, სხვა ქვეყნების გამოცდილებას, ვასილ რევიშვილმა თქვა, რომ საბავშვო ანაბრის ცნება დიდ ქვეყნებში არ არსებობს. "მსოფლიოს სხვა ქვეყნებში დარღვევა-არდარღვევის რეგულირება ხდება პირდაპირ ხელშეკრულებით. ჩვენ შემთხვევაში გამოდის, რომ სახელმწიფომ უნდა არეგულიროს ბანკსა და მის მომხმარებელს შორის ურთიერთობა. ზოგადად, ფინანსური სტაბილურობის დონეზე, გარკვეული რეგულირება შეიძლება, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან ასეთ დონეზე სახელშეკრულებო ურთიერთობის დიქტატი არასწორია“, – დასძინა მან.