მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა აჩვენა რთველის სუბსიდირების გამოცდილებამ წელს? - მინისტრის პასუხი

635f82a6cef67
ინგა მურუსიძე
31.10.22 12:18
368
რა აჩვენა რთველის სუბსიდირების გამოცდილებამ, რატომ არის საჭირო სუბსიდირების პროგრამის გაგრძელება მომავალ წელს? - ამ კითხვით მიმართა BMG-მ სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიას მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

„გამოცდილებამ აჩვენა, რომ წელს გაცილებით აქტიური იყო კერძო სექტორი და გაცილებით ნაკლები ყურძენი ჩაიბარა სახელმწიფო კომპანიამ და ეს იყო ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი რთველის პროცესში, რაჭის შემთხვევაში სახელმწიფო კომპანიას ფაქტობრივად არცერთი კილოგრამი ყურძენი არ მიუღია, ხოლო კახეთის შემთხვევაში გაცილებით ნაკლები იყო - დაახლოებით 15 ათასი ტონით ნაკლები, ვიდრე წინა წელს. ეს წინგადადგმული ნაბიჯია და მიანიშნებს კერძო სექტორის მხრიდან მოთხოვნაზე, აქტიურობაზე, და ეს, რა თქმა უნდა, კარგია“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

რაც შეეხება პროგრამას, თუ რა სქემით დაფინანსდება მომავალი წლიდან რთველი, მინისტრი პასუხობს, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ არის და სქემაზე მიმდინარეობს მუშაობა.

„მევენახეების მხარდაჭერა აუცილებლად გაგრძელდება, რა ფორმით და როგორ, ამაზე ვერ ვისაუბრებ. შეიძლება ეს იყოს იგივე ფორმა და სხვა კომპონენტები შემოვიდეს, ან შეიძლება იყოს სხვა მექანიზმი შემუშავებული. ვმუშაობთ ამ საკითხებზე, რა მექანიზმი იქნება მიღებული“, - ამბობს შამუგია.

შეგახსენებთ, წელს რთველის სუბსიდირების პროგრამა განხორციელდა. მაგალითისთვის რაჭაში, ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნების ჩაბარებისთვის კერძო კომპანიებმა კილოზე ოთხი ლარი სახელმწიფოსგან მიიღეს.