მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა აფერხებს ქართულ თაფლს ევროკავშირში? – "ევროპელებმა ჩვენი პრობლემების შესახებ იციან"

5c98e6d4d47a0
ლიკა გურაბანიძე
25.03.19 19:00
1222

„ქართული თაფლი ევროკავშირის ბაზარზე გასასვლელად მზად არის, თუმცა ევროკავშირის ბაზრისთვის ბიზნესი არ არის მზად,“ - ასე ეხმაურება bm.ge-თან საუბრისას „საქართველოს მეფუტკრეთა გილდიის" გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპაშვილი პრემიერ-მინისტრის ინიციატივას.

საქმე იმაშია, რომ როგორც პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გასულ კვირას ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარ სესილია მალმსტრომთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ევროპელ პარტნიორებთან ერთად საექსპორტო პროდუქციის ახალ სიაზე მიმდინარეობს მუშაობა - პრემიერი პერსპექტივას ქართული თაფლის ევროპულ ბაზარზე გატანაში ხედავს.

გიორგი კეპაშვილის აზრით, იმისთვის, რომ ევროკავშირის ქვეყნებში თაფლის ექსპორტი განხორციელდეს, საჭიროა, პროდუქტის პირველადი წარმოება -მოწესრიგებული, ხოლო შიდა ბაზარი მკაცრად კონტროლირებადი იყოს.

„მხედველობაში მაქვს ის ტექნოლოგიები და ის პრეპარეტები, რომლებიც დღეს ქართულ მეფუტკრეობაში უმიზნოდ გამოიყენება და ამასთან, ქვეყანაში ხარისხიანი ნედლეულის არსებობას ვერ უზრუნველყოფს, არადა ეს პრეპარატები იმის გარანტიაა, რომ მეწარმემ ხარისხიანი თაფლი მიიღოს და ევროკავშირის რეგუალაციებთან შესაბამისობაში მოიყვანოს, ხოლო ამის შემდეგ თაფლი ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტზე გაიტანოს,“ - აღნიშნავს კეპაშვილი.

„საქართველოს მეფუტკრეთა გილდიის" თავმჯდომარე ევროკავშირის ბაზრის ათვისებასთან დაკავშირებით მეორე მნიშვნელოვან პრობლემასაც ასახელებს და bm.ge-თან საუბრისას აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პირველადი წარმოება მაღალ დონეზე იქნება ქვეყანაში, ისეთი მეწარმე არ არსებობს, რომელსაც ამ ნედლეულის გადამუშავება შეეძლება.

„ახლო მომავალში მე ვერ ვხედავ პერსპექტივას, რომ ქართული თაფლი ევროკავშირის ბაზარზე შეაღწევს,“ - განაცხადა გიორგი კეპაშვილმა.

„მეფუტკრეთა გილდიის" გამგეობის თავმჯდომარე bm.ge-თან ლაბორატორიების არარსებობის პრობლემაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქვეყანას ის თითქმის არ გააჩნია.

სააგენტოს კითხვაზე - სად ხედავს ის ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფოს როლს, კეპაშვილი აცხადებს, რომ მთავარი მიმზიდველი ბიზესგარემოს არსებობაა.

„ქვეყანაში უნდა შეიქმნას გარემო, რომ ინვესტორს თაფლის წარმოება მოუნდეს. ეს კი ისევ პირველადი წარმოების მკაცრი კონტროლით არის შესაძლებელი; ევროპელებმა ჩვენი პრობლემების შესახებ ძალიან კარგად იციან. ქართული თაფლი ევროკავშირის ბაზარზე გასასვლელად მზად არის, თუმცა ევროკავშირის ბაზრისთვის ბიზნესი არ არის მზად“ - განმარტა გიორგი კეპაშვილმა.

ცნობისთვის: საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოდან თაფლის ჯამურმა ექსპორტმა 21 ტონა შეადგინა , რაც 70 ათასი დოლარის ღირებულების იყო. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში გასული წელი, ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩეოდა. გასულ წელს ექსპორტირებული თაფლის მოცულობა 2017 წლის მაჩვენებელს 10-ჯერ, 2016 წლის მაჩვენებელს-6-ჯერ, 2015 წლის მაჩვენებელს-2,5-ჯერ, ხოლო 2014 წლის მაჩვენებელს 4-ჯერ აჭარბებდა.
ქართული თაფლის ყველაზე მსხვილი საექსპორტო ბაზარი გასულ წელს აზერბაიჯანი იყო, სადაც 18 ტონამდე პროდუქტი იქნა რეალიზებული, რაც მთელი ექსპორტის 84%-ი იყო, მეორე ადგილზე იყო ირანი 1,4 ტონით, ხოლო მესამეზე ჰონ-კონგი-1 ტონით.

თაფლი მცირე ოდენობით გავიდა ასევე საუდის არაბეთში, ერაყში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ყატარსა და ბაჰრეინში.

საქსტატის ინფორმაციითვე, ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის სახით 2019 წელს მხოლოდ 108 დოლარის ღირებულების 134 კილოგრამი თაფლი გავიდა, რაც სავარაუდოდ, სანიმუშო თაფლს წარმოადგენდა.