მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ცვლილებები შედის 2022 წლის ბიუჯეტში? - პრემიერი ცვლილებების მიზნობრიობას ასახელებს

631f0b5e51a16
ვიქტორია მღებრიშვილი
12.09.22 14:31
8218
საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტი 2022 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტს განიხილავს. აღნიშნული ცვლილებების შესახებ მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბიუჯეტი წელს 6%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით დაიგეგმა, ხოლო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი იყო 64,8 მლრდ ლარი.

„პანდემიის შემდგომ, გასულ წელს ჩვენ ძალიან ძლიერი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, 10.4%-ით გვქონდა და ეს წელიც დავიწყეთ ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდით. პირველ შვიდ თვეში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა - 10,3% გვაქვს.

ასევე შეგახსენებთ, რომ ბიუჯეტი წელს დაიგეგმა 6%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, ხოლო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი 64,8 მლრდ ლარი იყო. ასევე პროგნოზირებული იყო საქონლის ექსპორტის ზრდა დაახლოებით 13%-ით, ხოლო ტურიზმის აღდგენა, 2019 წელთან შედარებით 70%-ის ფარგლებშია.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ახალი რისკები შექმნა; არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანას, არამედ მთელ მსოფლიოს, ევროპას. ჩვენ მაშინ გვქონდა მსჯელობა და რომ არა ჩვენი სწორი პოლიტიკა, შესაძლებელია დღეს არა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, არამედ ეკონომიკური ვარდნაც კი ყოფილიყო ჩვენს ქვეყანაში, ისევე, როგორც დღეს მსოფლიოში.

ამ პერიოდში ჩვენ გვაქვს შემდეგი პარამეტრები: საქონლის ექსპორტის მაჩვენებელი 3,1 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც 36%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს; ასევე მინდა ვთქვა, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 1,6 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც შარშანდელ მაჩვენებელზე 3-ჯერ მეტია. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ წლის პირველ კვარტალში 922 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატება, ხოლო 2019 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელს 62%-ით აჭარბებს; ასევე მინდა ვთქვა, რომ დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვები იანვარ-ივლისის პერიოდში გაზრდილია 21%-ით; ეს ნიშნავს, რომ წელს, პირველ 7 თვეში, კვლავ ორნიშნა - 10.3%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს.

ამიტომ, ამ მაჩვენებლების გათვალისწინებით, ჩვენ შევცვალეთ ძირითადი ეკონომიკური პარამეტრების წლიური პროგნოზებიც და განახლებული მაკროეკონომიკური პროგნოზები ითვალისწინებს შემდეგს: რეალური ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 8,5% იქნება, ნაცვლად 6%-ისა; ფაქტიური მაჩვენებლების გათვალისწინებით, მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი შეადგენს 10,5%-ს; ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი განსაზღვრულია 72,2 მლრდ ლარით, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 6500 დოლარს აჭარბებს; ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები იზრდება 1 266,0 მლნ ლარით, ამიტომ მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტში დღის წესრიგში ცვლილებების მომზადების საკითხი დადგა და ეს ცვლილებები ძირითადად ორი მიზნის მიღწევაზეა ორიენტირებული.

პირველი - ეს არის ბიუჯეტის დეფიციტის და მთავრობის ვალის შემცირება. მოგეხსენებათ ნაერთი ბიუჯეტი მშპ-სთან მიმართებით 4.4%-იანი დეფიციტით დაიგეგმა, მთავრობის ვალის 51%-იანი ნიშნულის ოდენობით. წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით წელს ჩვენ ბიუჯეტით დაგეგმილზე 710 მლნ-ით ნაკლებ ვალს ვიღებთ, ასეთი ძლიერი ეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით და წლის ბოლომდე მთავრობის ვალის მოცულობა შემცირდება 40%-მდე, ნაცვლად 51%-ისა, რაც კარგი მაჩვენებელია.

ამასთან, ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა 4.4%-დან მცირდება მშპ-ს 3.2%-მდე. დეფიციტის და ვალის შემცირების პარალელურად, ჩვენ დამატებითი თანხები უნდა მივმართოთ, ერთი მხრივ, აღებული ვალდებულებების დასაფინანსებლად, მეორე მხრივ კი სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს პოლიცია, ჯარი, ინფრასტრუქტურა, საწარმოების დაფინანსება, სოფლის მეურნეობა, სოციალური პოლიტიკა, ჯანდაცვა, სპორტი.

საბოლოო ჯამში მინდა ვთქვა, რომ ჩვენი მოლოდინია, რომ ეს პოზიტიური დინამიკა გაგრძელდება და წელს გვექნება ისეთივე წარმატებული წელი გვექნება, როგორიც გასულ წელს გვქონდა, ეს მოვახერხეთ ჩვენ გონივრული, ეროვნულ ინტერესებზე გათვლილი პოლიტიკით და არა ემოციური და გაუაზრებელი ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით“, - განაცხადა პრემიერმა.