14.ივნისი .2019 20:00

რა ეტაპზეა 3 წლის წინ დანონსებული პროექტი - როდის ამოქმედდება ქუთაისის აეროპორტთან რკინიგზა?

რა ეტაპზეა 3 წლის წინ დანონსებული პროექტი - როდის ამოქმედდება ქუთაისის აეროპორტთან რკინიგზა?
views 1802
უკან

ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტი, რომელიც ჯერ კიდევ 2016 წელს გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს მის მიერვე დაანონსდა, კვლავ განუხორციელებელია.

როდის დაიწყება ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობა და როდის მიიღებს ის პირველ მგზავრებს, ამის შესახებ BM.GE-ს საქართველოს რკინიგზის კორპორატიული მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი ზაზაშვილი ესაუბრა.

როგორც ზაზაშვილი აცხადებს, საქართველოს რკინიგზას აღნიშნულ საკითხზე დოკუმენტაცია უკვე აქვს, რომელსაც საქართველოს მთავრობას უახლოეს მომავალში წარუდგენს.
ზაზაშვილის განმარტებითვე, “საქართველოს რკინიგზის” პროექტით, მგზავრები ქუთაისის აეროპორტამდე უკვე არსებული, კოპიტნარის რკინიგზის სადგურით მივიდნენ, თუმცა, ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება მთავრობამ უნდა მიიღოს.

„კონსულტანტი გვირჩევს, რომ კოპიტნარის არსებული რკინიგზის სადგურის რეაბილიტაცია მოვახდინოთ, რომელიც აეროპორტთან ახლოს არის.
თუ იქნება მოთხოვნა რომ ჩვენ, დამატებითი გაჩერების წერტილი შევქმნათ, ამის რესურსი გაგვაჩნია, უბრალოდ გარკვეული ინფრასტრუქტურული სამუშაოებია ჩასატარებელი. ამ შემთხვევაში კოპიტნარში რკინიგზის სადგურზე არსებული ერთი ბაქნის რეკონსტრუქცია მოხდება და მეორე ახალი აშენდება, რათა მგზავრები ორივე მიმართულებით აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან მივიღოთ.

ჩვენ მზად გვაქვს ყველა დოკუმენტი იმისათვის, რომ მთავრობაზე საკითხის ინიცირება განხორციელდეს. ველოდებით, რომ ერთობლივად რამდენიმე სახელმწიფო ინსტიტუციასთან ერთად მოხდეს საკითხის ინიცირება. მათ შორის: ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის სამინისტროებთან, ასევე აეროპორტების გაერთიანებასთან,“ - განაცხადა ზაზაშვილმა.

გიორგი ზაზაშვილის განმარტებით, იმ შემთვევაში თუ მთავრობა საქართველოს რკინიგზის წინადადებას კოპიტნარში უკვე არსებულ რკინიგზის სადგურზე მგზავრების მიღებასთან დაკავშირებით მიიღებს, მისი მოწყობის პროცესი წელსვე დაიწყება.

„მშენებლობა ძალიან მალე, ყველა შემთხვევაში წელს დაიწყება. არ გამოვრიცხავ, რომ დიდი ნაწილი წელსვე დავასრულოთ, მაგალითად: აეროპორტთან უკვე არსებული ბაქანის რეაბილიტაცია, ასევე მეორე ბაქანის მშენებლობა. პროექტირების ჩათვლით, გადაწყვეტილების მიღებიდან 8 თვეში სამუშაოების დასრულებას შევძლებთ”,- აცხადებს ზაზაშვილი.

რა დაჯდება პროექტის განხორციელება, ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც რკინიგზის პროექტი დამტკიცდება.

მიმდინარე წლის თებერვალში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აკაკი საღინაშვილი აცხადებდა, რომ ქუთაისის აეროპორტში რკინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებით შემუშავებულ დასკვნას გადახედვა სჭირდება. მისი თქმით, მთავრობას სამი სცენარი აქვს.

"თავის დროზე დასკვნა ჩატარდა - რა იყო უკეთესი და როგორ იყო, ამ დასკვნას სჭირდება განახლება, იმიტომ, რომ იმ დასკვნის შემდეგ, მრავალი რეისი დაემატა ქუთაისის აეროპორტს. 27 მიმართულებით დავიწყეთ ფრენა, სამი სცენარი არსებობს მანდ - 1. არსებული კოპიტნარის სადგურის გარემონტება, რომელიც აეროპორტიდან დაახლოებით 2 კმ-ში მდებარეობს და Shuttle-ბით სიარული. 2. ტერმინალიდან 700 მეტრში მოეწყოს ბაქანი, სადაც ახლა გადის არსებული რკინიგზა და ან საფეხმავლო, ან სხვა გზით წამოვიდეს. 3. საკუთრივ აეროპორტთან მოეწყოს ტერმინალი, ეს ყველაფერი შესწავლის პროცესშია და ვიმედოვნებ, რომ ერთ თვეში პასუხი გვექნება" - აღნიშნავდა მინისტრის მოადგილე.

ცნობისთვის, აღსანიშნავია, რომ ქუთაისის აეროპორტში რკინიგზის სადგური ჯერ კიდევ 2017 წელს უნდა გახსნილიყო. ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ორი წლის წინ აცხადებდა, რომ ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი 3-კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზისა და სადგურის მშენებლობა უკვე დაიწყო. საქართველოს მთავრობის მაშინდელი ინფორმაციით, ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მეშვეობით ყველა სამგზავრო მატარებელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ტერმინალიდან რამდენიმე ნაბიჯში უნდა გაჩერებულიყო. გიორგი კვირიკაშვილმა 2017 წლის 3 აპრილს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დროის ათვლის დაფაც კი ჩართო, რომელზეც რკინიგზის ახალი სადგურის მშენებლობამდე დარჩენილი დღეების რაოდენობა იყო მითითებული.

"364 დღეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მოხვედრა ახალი სარკინიგზო მაგისტრალით იქნება შესაძლებელი" - ამბობდა მაშინდელი პრემიერი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა