მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ეტაპზეა აშშ-თან პირდაპირი ფრენების დაწყების საკითხი? - საავიაციო ხელისუფლების განმარტება

5e57da72d1cec
დავით ჯალაღონია
28.02.20 12:45
1737
ამერიკის შეერთებულ შტატებში პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება საშუალოვადიანი პროექტია - ამის შესახებ BM.GE-ის საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა ლევან კარანაძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, ამ ეტაპზე სხვადასხვა ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

"იმთავითვე იყო გაცხადებული, რომ ეს მოკლევადიან პერსპექტივაში ვერ გადაწყდებოდა. სხვადასხვა ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები გრძელდება, მათი დაინტერესების შემთხვევაში, ჩვენი ინტერესიც არის, რომ ხელი შევუწყოთ ამ პროცესს. გარდა ამისა, ჩვენი მხრიდან, საავიაციო ხელისუფლებების დონეზე იყო წინასწარი მოლაპარაკებები, ტექნიკური კონსულტაციები, რომ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კომპანია გამოხატავს მზაობას, რა ეტაპებია გასავლელი იმისათვის, რომ აშშ-ში ფრენები განხორციელდეს", - განაცხადა კარანაძემ.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ის პროცედურებიც განმარტა, რასაც ამერიკული მხარე საქართველოს საავიაციო ხელისუფლებასთან იმ შემთხვევაში გაივლის, თუ პირდაპირ ავიამიმოსვლასთან დაკავშირებით რომელიმე ავიაკომპანიასთნ შეთანხმება შედგება.

"მათ აქვთ ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის პროცედურა, რომლის მიხედვითაც ხდება როგორც - ავიაკომპანიების, ისე აეროპორტების შემოწმება, ასევე - საავიაციო ხელისუფლებების. ძირითადად ეს არის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის პროცესი, რისთვისაც ქართული მხარე, ჩვენი აზრით, მზად ვიქნებით. ასეთი შემოწმება განხორციელდება მას შემდეგ, რაც კონკრეტული კომპანია იქნება იდენტიფიცირებული, რომელიც დააპირებს ფრენას საქართველოსა და ამერიკას შორის.

რაც შეეხება კომპანიების რაოდენობას, ეს რიცხვი შეზღუდული არ არის; როდესაც მინისტრის ხელმძღვანელობით დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიმყოფებოდით, საუბარი იყო ავიაკომპანია American Airlines-თან და Delta Airlines-თან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ამ ორ კომპანიასთან არის საუბარი", - აღნიშნა მან.