მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენა ექნება რუსეთ-უკრაინის ომს გლობალურ სასურსათო მიწოდებაზე

623202c373b8e
მარიამ ვარადაშვილი
16.03.22 19:40
840

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორი კუ დონჟუ რუსეთ-უკრაინის ომის სურსათის მიწოდების გავლენაზე წერს და აცხადებს, რომ უკრაინული და რუსული მარცვლეულისა და ზეთის მიწოდების ჯაჭვისა და ლოგისტიკის შეფერხებები, ამასთან, რუსეთიდან ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები, მსოფლიო სურსათის უსაფრთხოების სურათს მნიშვნელოვნად შეცვლის.

ამას გარდა, FAO-ს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს განსაკუთრებით აისახება იმ ორმოცდაათამდე ქვეყანაზე, რომელთა ხორბლის მარაგის 30%, ან მეტი, რუსეთსა და უკრაინაზეა დამოკიდებული. ამ ქვეყნების დიდი ნაწილი ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს მიეკუთვნება, რომლებსაც დაბალი შემოსავალი და სურსათის დეფიციტი აქვთ ჩრდილოეთ აფრიკაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში. ბევრი ევროპული და ცენტრალური აზიის ქვეყანა სასუქის მარაგის 50%-ს რუსეთისგან ივსებს და ამ მხრივ დეფიციტი, შეიძლება, შემდეგ წლამდე გაგრძელდეს.

“მიმდინარე კონფლიქტის ინტენსიურობა და ხანგრძლივობა უცნობია. საქონლის ამ ორი დიდი ექსპორტიორი ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო აქტივობები კი, სავარაუდოდ, შეფერხდება, რამაც, შეიძლება მსოფლიოს სურსათით მომარაგებას სერიოზული საფრთხე შეუქმნას. ეს მაშინ, როცა საერთაშორისო საკვებისა და საქონლის ფასები უკვე მაღალი და არასტაბილურია. კონფლიქტმა ასევე შეიძლება შეზღუდოს უკრაინის მსყიდველობითი უნარი და ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო წარმოება, რაც მის სასურსათო საფრთხეებს გაზრდის”, - აცხადებს ის. 

შექმნილი ვითარების გათვალისწინებით  კუ დონჟუს რეკომენდაციები ასეთია:

1. საკვებისა და სასუქის გლობალური ვაჭრობის ღიაობა - ყველაფერი უნდა გაკეთდეს წარმოებისა და საბაზრო აქტივობების დასაცავად, რათა შიდა და გლობალური მოთხოვნები დაკმაყოფილდეს. მიწოდების ჯაჭვი არ უნდა გაწყდეს, რაც გულისხმობს მოსავლის, საქონლის, სასურსათო ინფრასტრუქტურისა და ყველა ლოგისტიკური სისტემის დაცვას.

2. ახალი და უფრო დივერსიფიცირებული მომწოდებლების მოძებნა - შოკის აღმოსაფხვრელად, უკრაინასა და რუსეთიდან სურსათის იმპორტზე დამოკიდებულმა ქვეყნებმა ალტერნატიული მომწოდებლები უნდა მონახონ. ასევე, სურსათის არსებული მარაგების შიდა მოხმარებისთვის დივერსიფიკაცია დაგეგმონ, რადგან ხალხს ჯანსაღ საკვებზე ჰქონდეს წვდომა.

3. მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის, იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა - მოწყვლადი ხალხის დასაცავად მთავრობებმა სოციალური უსაფრთხოების ქსელები უნდა გააფართოვონ. საერთაშორისო ორგანიზაციები უნდა შევიდნენ უკრაინაში, რათა გასაჭირში მყოფ ხალხს დაეხმარონ. კონფლიქტი მსოფლიოში ბევრად მეტ ხალხს უბიძგებს სიღარიბისკენ და შიმშილისკენ. ჩვენ დროულად უნდა დავგეგმოთ სწორად ტარგეტირებული სოციალური დაცვის პროგრამები.

4. თავიდან ავიცილოთ დაუგეგმავი რეაქციები - ვიდრე სურსათის მარაგის უსაფრთხოებისთვის რაიმე ზომებს მიიღებენ, მთავრობებმა უნდა იფიქრონ საერთაშორისო მარკეტებზე მათ პოტენციურ გავლენაზეც. შესაძლოა, საიმპორტო ტარიფის შემცირებამ და საექსპორტო აკრძალვებმა, მოკლევადიან პერსპექტივაში, ცალკეული ქვეყნის სურსათის უსაფრთხოების გამოწვევები მოაგვაროს, მაგრამ გლობალურ ბაზარზე ფასები გაზარდოს.

5. საბაზრო გამჭვირვალობის და დიალოგის გაძლიერება - როცა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ბაზარი არასტაბილურია, გლობალური მარკეტის და მის შესახებ ინფორმაციის მეტი გამჭვირვალობა მთავრობებსა და ინვესტორებს მეტად ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება. ისეთი ინიციატივები, როგორიცაა G-20-ის სასოფლო-სამეურნეო ბაზრის საინფორმაციო სისტემა (AMIS), ობიექტური და დროული საბაზრო შეფასებებით, ამგვარი გამჭვირვალობის გაზრდას ხელს უწყობს.