28.ოქტომბერი .2019 14:57

რა გეგმა აქვს მინისტრს რეგიონებში ექიმების და კლინიკების დეფიციტის აღმოსაფხვრელად?

views 712
უკან

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის აზრით, თბილისში - ექიმებისა და კლინიკების სიჭარბე, რეგიონებში კი, მათი დეფიციტი მნიშვნელოვანი პრობლემაა.

ამ პრობლემაზე მინისტრმა დღეს დაგეგმილი რეფორმების პრეზენტაციაზე განაცხადა და მოგვიანებით ჟურნალისტებთან საუბრისას დასძინა, რომ ის პრინციპი, რომელიც კლინიკების სელექტიურ კონტრაქტირებას გულისხმობს, რეგიონებში არსებული დეფიციტის დარეგულირების საშუალებას იძლევა.

„პრობლემა აისახება, რა თქმა უნდა, როგორც ჯანდაცვის ხარისხზე, ასევე ღირებულებაზე. აღნიშნული გარემოება ამავდროულად ქმნის ექიმთა ფარდობით დეფიციტს და დღეს სამედიცინო კადრების ძირითადი ნაწილი დედაქალაქზე მოდის. გარდა ამისა, არათანაბარია ექიმთა დატვირთვა, რაც აისახება მათ პროდუქტიულობაზე და რისკს უქმნის პაციენტის უსაფრთხოებას. ამ პრობლემატიკის ერთ-ერთ ინსტრუმენტად განისაზღვრა სელექტიური კონტრაქტირება, რომლის საფუძველი იქნება ხარისხიანი მომსახურების მოწოდება, დაწესებულების სიმძლავრე და პერსონალის ეფექტური გადანაწილება. ამ ნაწილში აღსანიშნავია, რომ განახლდა ნებართვებისა და სალიცენზიო პირობები კარდიოქირურგიის, გადაუდებელი დახმარების, რეანიმაციის სერვისებზე. მეტი სანდოობისა და ხარისხის გარანტირებისთვის დამატებით მოთხოვნად განისაზღვრა საერთაშორისო სერტიფიცირება“, - განაცხადა მინისტრმა პრეზენტაციაზე.

ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრისას რეანომობილების არასაკმარის რაოდენობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მათი აღწერა და აღრიცხვა უკვე განხორციელდა.

„სახელმწიფომ ზუსტად იცის ამ ეტაპისთვის რამდენი რეანომობილი სჭირდება ქვეყანას და ეს ეტაპობრივად შეივსება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა