მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გეგმები აქვს Neqsol Holding-ს საქართველოში? - ინტერვიუ „კავკასუს ონლაინის" ახალ მფლობელთან

5f12bd20a0c01
BM.GE
18.07.20 14:00
1690
კავკასუს ონლაინის ახალი მფლობელები BMG-თან კონტაქტზე გამოდიან. კომპანია “ნექსოლი” ის ჰოლდინგია, რომელსაც აზერბაიჯანელი ბიზნესმენი ნასიბ ჰასანოვი ფლობს და რომელმაც კავკასუს ონლაინის 49%-იანი წილი გასულ წელს შეიძინა. გარიგება ხმაურიანი და პრობლემატური გამოდგა.

კომუნიკაციების კომისია ამბობს, რომ ტრანზაქცია მასთან არ შეთანხმდა და კავკასუს ონლაინის წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებას ითხოვს, თუმცა, უშედეგოდ. ჰქონდა თუ არა მოლაპარაკებები “ნექსოლ ჰოლდინგს” კავკასუსის შესყიდვამდე კომუნიკაციების კომისიასთან, ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გთავაზობთ ინტერვიუს Neqsol Holding-ის სტრაგეგიული განვითარების მიმართულების ხელმძღვანელ თემურ თაგიევთან.


- ვინ ფლობს "კავკასუს ონლაინს" საქართველოში? Neqsol holding ანუ თქვენ ხართ ის კომპანია, რომელიც საქართველოში ფლობს ამ კომპანიის აქციებს?

- დიახ. უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წლის შემდეგ კავკასუს ონლაინის მესაკუთრე არ შეცვლილა.

- ეს ნიშნავს, რომ ის იყო ოფშორში რეგისტრირებული კომპანიის მფლობელობის ქვეშ?

- დიახ, ამ კომპანიის სახელი "ნელგადოა". 2019 წელს კი ნექსოლ ჰოლდინგმა შეიძინა კომპანიის 49%.

- ეს მოხდა 2019 წელს და ნექსოლ ჰოლდინგის ამჟამინდელი სტატუსიც ესაა, რომ კავკასუს ონლაინში აქციათა 49%-ს ფლობს?

- დიახ. 51% კი ძველი მფლობელების საკუთრებაშია.

- შეგიძლიათ უფრო დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდოთ ნექსოლ ჰოლდინგზე? ეს ერთ-ერთი მთავარი კითხვაა დღეს საქართველოში, ვინ ხართ და ვინ ფლობს ამ კომპანიას, რას საქმიანობთ?

- ნექსოლ ჰოლდინგი საერთაშორისო კომპანიაა საკმაოდ დივერსიფიცირებული საქმიანობით, რომელიც დაარსებულია აზერბაიჯანში. კომპანია საქმიანობს სატელეკომუნიკაციო სექტორში, ასევე სამშენებლო და საინვესტიციო მიმართულებაში. ვმუშაობთ აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, აზერბაიჯაში, საქართველოსა და ყაზახეთში, მოკლედ მსოფლიოს გარშემო. დაახლოებით 15 ათასი დასაქმებული გვყავს, წლიური ბრუნვა მილიარდ 500 მილიონ დოლარს აჭარბებს და 25 მილიონზე მეტი მომხმარებელი გვყავს. რაც შეეხება უშუალოდ სატელეკომუნიკაციო მიმართულებას, ერთ-ერთი ბოლო შენაძენი vodafone ukraine არის. ენერგო სექტორშიც კომპანიების რამდენიმე ჯგუფს ვფლობთ, მათ შორის სოკარს, ასევე ვახორციელებთ მოპოვებით საქმიანობას. ასე რომ, საკმაოდ დიდ ჰოლდინგზეა საუბარი, რომლის ერთადერთი მფლობელიც არის აზერბაიჯანელი ბიზნესმენი ნასიბ ჰასანოვი.

- თქვენ რამდენიმე სხვადასხვა მიმართულება ახსენეთ, რომელშიც ოპერირებს “ნექსოლ ჰოლდინგი”. საქართველოში თქვენი ინტერესი მხოლოდ “კავკასუს ონლაინით” შემოიფარგლება?

- საქართველოს ყოველთვის მოვიაზრებდით მიმზიდველ საინვესტიციო ადგილად და რამდენიმე კარგ შესაძლებლობასაც ვხედავთ თქვენს ქვეყანაში ბიზნესის სხვადასხვა სექტორში. თუმცა, ამ ეტაპზე კავკასუს ონლაინი ერთადერთი შენაძენია ტელეკომ სექტორში, მაგრამ საქართველოში საკმაოდ მასშტაბურ საინვესტიციო პროექტს განვიხილავთ. “კავკასუს ონლაინი” მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია იმ პროექტის, რომელსაც განვიხილავთ, ეს არის ციფრული აბრეშუმის გზის პროექტი.

- კავკასუს ონლაინის 49%-იანი წილის შეძენა ალბათ ნიშნავს, რომ თქვენ უკვე გაქვთ კონკრეტული გეგმები საქართველოში ინვესტირებისთვის. რას განიხილავთ, უფრო მეტი დეტალი რომ გვითხრათ?

- “კავკასუს ონლაინი” ჩვენი დიდი პროექტის ნაწილია, სწორედ ამიტომ ვაპირებთ კავკასუს ონლაინის ინფრასტრუქტურის განვითარებაში ჩავდოთ თანხები. რადგანაც შავ ზღვაში არსებულ კაბელს და ზოგადად “კავკასუს ონლაინს” საკმაოდ დიდი შესაძლებლობა აქვს, მათი გამოყენებისთვის კი ინფრასტრუქტურაში ინვესტიციის ჩადებაა აუცილებელი. ასევე საჭიროა, თანამედროვე მონაცემთა ცენტრის მშენებლობაც, რაც დღეს საქართველოს ნამდვილად აკლია და სჭირდება, რადგან ასეთი ახლა არ არსებობს. ამ ეტაპზე ვაპირებთ 4 დატა ცენტრისა და ინტერნეტის გაცვლის წერტილების მშენებლობას. ეს კი საქართველოს რეგიონში ციფრულ ჰაბად აქცევს, საუბარია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაზე.

- თქვენ საუბრობთ დამატებით ინფრასტრუქტურაზე, რომლის მშენებლობასაც აპირებთ. შეგიძლიათ თუ არა უკვე კონკრეტულ თანხებზე საუბარი, რომლის ინვესტირებასაც საქართველოში კავკასუს ონლაინში თქვენს პარტნიორებთან ერთად აპირებთ?

- გაკეთებული გვაქვს წინაწარი შეფასებები და “ნექსოლ ჰოლდინგის” საინვესტიციო გეგმით, რომელიც ციფრული აბრეშუმის გზის განვითარებას გულისხმობს და ერთმანეთთან ევროპასა და აზიას დააკავშირებს, გათვალისწინებულია დაახლოებით 200 მილიონი დოლარის ინვესტიცია, ამაში მოიაზრება ინვესტირება როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და კასპიის ზღვაში. რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს, ვფიქრობთ, ინვესტიცია 60 მილიონ დოლარს გადააჭარბებს. ზოგადად, მოვიაზრებთ, რომ ინვესტიციამ შესაძლოა 50-დან 100 მილიონ დოლარამდე მიაღწიოს, ეს ყველაფერი სხვა ტექნიკურ საკითხებზეც არის დამოკიდებული.

- რა არის ციფრული აბრეშუმის გზა და მისი მთავარი იდეა, შეგიძლიათ მეტი გვითხრათ ამ საკითხზე?

- ციფრული აბრეშუმის გზა საკმაოდ ამბიციური პროექტია, რომელიც “ნექსოლ ჰოლდინგმა” 2018 წელს დაიწყო. იდეა კი მდგომარეობს შემდეგში - უნდა შეიქმნას ციფრული სატრანზიტო ინფრასტრუქტურა, რომელიც ევროპასა და ცენტრალურ აზიას დააკავშირებს, ასევე ჩინეთს.

-ეს იდეაა თუ უკვე არსებობს პროექტი?

- ეს უკვე პროექტია - 2018 წელს იყო იდეა, ამავე წლის ბოლოს კი პროექტად გადაიქცა. ამ პროექტის ფარგლებში ევროპა და აზია დაუკავშირდება ერთმანეთს ისეთი ქვეყნების და ზღვების მეშვეობით როგორებიაა: ბულგარეთი, შავი ზღვა, საქართველო, აზერბაიჯანი, შემდგომ კაბელი კასპიის ზღვაში, ყაზახეთი და ჩინეთი. ასევე იგეგმება აზერბაიჯანი - თურქმენეთის დაკავშირება და ავღანეთში გასვლაც. უკვე გვაქვს 2 მთავრობათაშორისი შეთანხმება, რომელიც დადებულია ყაზახეთსა და აზერბაიჯანს და თურქმენეთსა და აზერბაიჯანს შორის.

- ეს უკვე ხელმოწერილი და ოფიციალური დოკუმენტებია?

- დიახ, ხელმოწერილი და რატიფიცირებულია აზერბაიჯანისა და თურქმენეთისა და ყაზახეთის პარლამენტებში. ასევე, უკვე გვაქვს ლეგალური უფლება, კასპიის ზღვაში მოვაწყოთ კაბელის ინფრასტრუქტურა.

ციფრული აბრეშუმის გზის პროექტი თავისუფლად შეიძლება შევადაროთ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტს. მას ისევე შეუძლია ინვესტიციებისა და სარგებლის მოტანა საქართველოსთვის და აზერბაიჯანისთვის, როგორც ნავთობსადენს. ეს ქვეყნებს აძლევს შესაძლებლობას, გახდნენ რეგიონის ციფრული ჰაბები და მილიარდობით მომხმარებელს მიაწოდონ მომსახურება ცენტრალურ აზიასა და ჩინეთში.

- სანამ უშუალოდ “კავკასუს ონლაინის” შესყიდვის თემაზე გადავალ, აუცილებლად მინდა გკითხოთ, ციფრული აბრეშუმის გზის პროექტზე, არიან თუ არა საქმის კურსში ამ პროექტთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებაში და იცნობენ თუ არა თქვენს გეგმებს ამ მიმართულებით?

- ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა ამ პროექტთან დაკავშირებით საქმის კურსშია, რადგან “ნექსოლ ჰოლდინგს” ამ იდეაზე საუბარი ჰქონდა საქართველოს ყოფილ პრემიერ მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან. ასევე ჩატარებულია საკმაოდ ბევრი პრეზენტაცია, მათ შორის დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე. ამიტომ, მჯერა, რომ მათ იციან პროექტის შინაარსი, მაგრამ შეიძლება დეტალები ცნობილი არ იყოს.

- შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ კავკასუს ონლაინის 49%-იანი წილის შეძენის შესახებ მამუკა ბახტაძის მთავრობისთვის, კომუნიკაციების კომისიის ჩათვლით, ცნობილი იყო?

- ვიცით, რომ საქართველოს წინა მთავრობა საქმის კურსში იყო ჩვენს გეგმებთან დაკავშირებით და მათ იცოდნენ კიდევ უფრო ფართო სურათიც, რაც ციფრული აბრეშუმის გზის პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ საქართველოს წინა პრემიერსა და ახლანდელს შორის ამ საკითხზე არ მოხდა სათანადო კომუნიკაცია, რამაც მიგვიყვანა დღევანდელ შედეგამდე, როცა კომპანიის მიმართ კითხვები აქვს კომუნიკაციის კომისიას და მიმდინარეობს საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცება, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული “კავკასუს ონლაინის” გასხვისების საქმესთან....

- დიახ, აბსოლუტურად მართალი ხართ. მსგავსი ცვლილებები მთავრობაში ხანდახან იწვევს მისკომუნიკაციას, რამაც თვითომ მთავრობის შიგნით გამოიწვია გაუგებრობა. ჩვენ არასოდეს დაგვიმალავს, რომ გვქონდა ციფრული აბრეშუმის გზის პროექტი.

- რატომ შეიქმნა პრობლემა კომუნიკაციების კომისიასთან, რომ მიგეწოდებინათ იგივე ინფორმაცია, რაც დაკავშირებულია კომპანიის წილების ფლობასთან, ასევე “კავკასუს ონლაინის” წილების შესყიდვასთან დაკავშირებით?

- ყოველთვის ვცდილობდით გამჭვირვალედ გვემოქმედა. კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მოთხოვნისთანავე შევატყობინეთ ინფორმაცია კომპანიის აქციონერების შესახებ. ამიტომ შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს გაურკვევლობას, ან მისკომუნიკაციას, რამაც გამოიწვია პრობლემები და გაუგებრობა ჩვენსა და კომუნიკაციების კომისას შორის.

-და ეს მისკომუნიკაცია უფრო შორსაც მიდის. ვფიქრობ, თქვენთვისაც ცნობილია იმ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომელიც მოამზადა მთავრობამ და დაკავშირებულია კავკასუს ონლაინთან. და ეს საკანონმდებლი ცვლილებები არ მოსწონს ადგილობრივ ბიზნესსექტორს, რადგან ხედავენ გარკვეულ რისკებს. როგორია თქვენი, როგორც “კავკასუს ონლაინის” წილების მფლობელის შეფასება ამ ცვლილებაზე?და როგორია თქვენი და კომუნიკაციების კომისიის ურთიერთობის სტატუსკვო ახლა?

- რთული სათქმელია, რადგან კომუნიკაციების კომისიასთან მკაფიო/ცხად დიალოგს ვერ ვხედავთ. ვიმედოვნებთ, მოვახერხებთ კომისიასთან ნორმალურ მოლაპარაკებებს, რაც ორივე მხარეს დაგვეხმარება სიტუაციიდან გამოსვლაში. რადგან გვჯერა, რომ ჩვენს საინვესტიციო გეგმას, რომელიც მოიცავს “კავკასუს ონლაინის” შესყიდვას, უფრო დიდი მიზნები აქვს. ეს ჩვენს ქვეყნებს ნამდვილად სხვა საფეხურზე აიყვანს.

რაც შეეხება კანონპროექტს, ამ ნაწილში ჩვენი დამოკიდებულებაც ისეთივეა, როგორიც სხვა ძირითადი სატელეკომუნიკაციო კომპანიებისა საქართველოში. ეს ცვლილებები არ არის მიმართული მხოლოდ კავკასუს ონლაინის წინააღმდეგ. წარმოდგენილი ცვლილებები ძირს უთხრის საქართველოს, როგორც საერთაშორისო ინვესტორებისთვის მიმზიდველი საინვესტიციო ადგილის, პერსპექტივას. ტელეკომ ოპერატორებმა შეადგინეს საერთო წერილი ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ვფიქრობ, მხარდაჭერილი იქნება საქართველოში მოქმედი სხვა ბიზნესების მიერაც.

- როგორც ვიცი, ასევე არის შანსი, რომ კომუნიკაციის კომისიის კონკრეტული გადაწყვეტილებები შეიძლება საერთაშორისო არბიტრაჟში ან სასამართლოში გასაჩივრდეს. ისევ განიხილავთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობის ამ მიმართულებით განვითარების შესაძლებლობას?

- ყველასთვის ცნობილია, რომ საერთაშორისო არბიტრაჟი საბოლოო გაჩერებაა. ჩვენმა იურიდიულმა მრჩევლებმა ოფიციალურად აცნობეს ქართულ მხარეს, ჩვენი გეგმების შესახებ, რომ თუ ვერ ვიპოვით გადაწყვეტას შემდეგი ნაბიჯი ეს იქნება. კიდევ ერთხელ, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ თუ ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას, არბიტრაჟის გზით წასვლა მიგვიწევს.

- კიდევ ერთ საკითხს დავაზუსტებ. არის მოსაზრება, რომ კომპანიას ჰქონდა წინასწარი სიტყვიერი თანხმობა კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურისგან, “კავკასუსის” წილების გასხვისებასთან დაკავშირებით. ეს სიმართლეა?

- მჯერა, გარკვეული კომუნიკაცია იქნებოდა “კავკასუს ონლაინის” წინა მფლობელსა და კომუნიკაციების კომისიას შორის. მაგრამ ამაზე კომენტარის გაკეთება არ შემიძლია.

ხაზს გავუსვამ იმას, რომ ამ გარიგების დადებამდე, ისეთი დიდი ჰოლდინგი, როგორიც “ნექსოლია”, აუცილებლად განიხილავდა ამ გარიგებასთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებს. გვჯერა, რომ საქართველოს იმდროინდელი მთავრობა საქმის კურსში იყო ჩვენს გეგმებთან დაკავშირებით, მათ შორის წილების გასხვისებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ჩვენთვის სიურპრიზი იყო, როდესაც ვიხილეთ კომუნიკაციების კომისიის ასეთი მკვეთრი პასუხი. რადგან კომისიის უკანასკნელი გადაწყვეტილებები განსაკუთრებით მტრულად განწყობილი იყო.

- “კავკასუს ონლაინი” ინტერნეტს აწვდის ირანს და სომხეთსაც. განიხილავს თუ არა “ნექსოლ ჰოლდინგი” ამ ქვეყნებს ციფრული აბრეშუმის გზის ნაწილად? თუ ფიქრობთ, რომ ეს უბრალოდ თქვენი ბიზნესის დივერსიფიცირებული ნაწილი იქნება?

- უკვე მოქმედ კლიენტებზე ჰოლდინგის სახელით იმის თქმა შემიძლია, რომ "კავკასუს ონლაინი" აწვდის და სამომავლოდაც მიაწვდის მაღალი ხარისხის მომსახურებას მის კლიენტებს.