მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გზით შეუძლია მოქალაქეს უკან დაიბრუნოს 112-ის საფასური?

622b6833a242a
ვიქტორია მღებრიშვილი
11.03.22 23:59
30685
„112-ის საფასური, რომელიც 8 წლის განმავლობაში 2020 წლამდე მეჭრებოდა, უნდა დააბრუნოს მთავრობამ. ასე დაავალა თბილისის საქალაქო სასამართლომ! თანხა ბევრი არ არის, მაგრამ პრინციპი და კანონი არ იზომება“, - ეს პოსტი იურისტმა ლევან ალაფიშვილმა Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა.

როგორ დაიბრუნა თანხა და რა გაითვალისწინა სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას - ეს კითხვები BMG-ის გადაცემა „ანალიტიკას“ ავტორმა იურისტს პირდაპირ ეთერში დაუსვა, საპასუხოდ კი ლევან ალაფიშვილმა განაცხადა: „ამ პროცესს წინ უძღოდა ასევე პრეცედენტული საქმე 2019 წელს, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ მთავრობას არ ჰქონდა საფასურის დაწესების უფლებამოსილება, რადგან პარლამენტს ამის უფლება მისთვის არ მიუნიჭებია, ამიტომ 2012-2020 წლების მთავრობის დადგენილება ამ ნაწილში ანტიკონსტიტუციურად სცნო. მთავრობა არ იყო უფლებამოსილი აეკრიფა ეს გადასახადი, მოქალაქეები კი ვალდებულნი ვართ მხოლოდ კანონით განსაზღვრული გადასახადი ვიხადოთ, სწორედ ამიტომ გავაგრძელე პრეცედენტის გზა და სამოქალაქო სასამართლოს მივმართე“.

კითხვას - ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ყველას ავტომატურად დაუბრუნდება თანხა თუ მოქალაქემ თანხის დასაბრუნებლად სასამართლოს ინდივიდუალურად უნდა მიმართოს, ლევან ალაფიშვილმა უპასუხა, რომ მოქალაქეებს ეს თანხა ავტომატურად არ დაუბრუნდებათ.

„სასამართლო კონკრეტული მოსარჩელეების სარჩელს იხილავს; ასე რომ, გუშინ შეიქმნა კონკრეტული კომპანიის და ფიზიკური პირის მიერ გადახდილი საფასურის უკან დაბრუნების თაობაზე პრეცედენტი, რომლის გაგრძელება შესაძლოა იყოს სხვა მოქალაქეების თუ კომპანიების მიმართვა სასამართლოსადმი და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას ამ საფასურის დაბრუნების თაობაზე დროის აღნიშნულ პერიოდში“, - განმარტა ალაფიშვილმა.

იურისტის ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესის წარმოებისას მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ წლიურად 112-ში იმ პერიოდში 8 მლნ ლარი შედიოდა. „თუ კი მოქალაქეები ამ გადასახადის დაბრუნების მოთხოვნით მიმართავენ, სახელმწიფოს 50-60 მლნ ლარის თანხა ექნება დასაბრუნებელი“, - აღნიშნა ლევან ალაფიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები