მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მოქალაქე "მწვანე სტატუსის" მისაღებად? - ფერაძის განმარტება

61404fdcb09c7
ინგა მურუსიძე
14.09.21 11:38
1384
ამ წუთებში შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე ბიზნესის წარმომადგენლებს, კერძოდ, რესტორატორებს ხვდება და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი ახალი პლატფორმის - Covidpass.moh.gov.ge-ის პრეზენტაციას მართავს.

როგორც ღონისძიების დაწყებამდე მან ჟურნალისტებს უთხრა, დღეიდან ამოქმედდება პორტალი, მოგვიანებით კი - მობილური აპლიკაციაც.

ბექა ფერაძის შეფასებით, ახალი პლატფორმა ბიზნესს მისცემს შესაძლებლობას, მოქმედების არეალი გააფართოოს, ხოლო მომხმარებელს შეეძლება, უსაფრთხო მომსახურეობა მიიღოს.

„პირველ ეტაპზე ვხვდებით რესტორატორებს, რადგან ყველაზე დიდი გამოწვევა სწორედ აქ არის, ადამიანების მობილობიდან გამომდინარე, ხოლო ეტაპობრივად სხვადასხვა სექტორს შევხვდებით, გავაცნობთ მათ ამ პორტალს, რომელიც პირველ ეტაპზე იქნება სარეკომენდაციო ხასიათის და წარმატების შემთხვევაში საბჭო იმსჯელებს სხვა ფორმით ამოქმედებაზე. სხვა სექტორებს რაც შეეხება, საჭიროების შემთხვევაში ყველა სექტორზე ადაპტირდება", - განაცხადა ფერაძემ.

მედია დაინტერესდა, ქორწილებსა და სხვა ღონისძიებებში რამდენად მიეცემათ დასწრების უფლება ორჯერადად აცრილ მოქალაქეებს, რაზეც ბექა ბფერაძემ შემდეგი პასუხი გასცა: „ამიტომაც ვხვდებით ბიზნესს, რომ გავაცნოთ ის შესაძლებლობები, რომელსაც პორტალი სთავაზობს მათ. ბიზნესის ინტერესია, რომ თუკი პორტალი წარმატებით დაინერგება, დღეს დანერგილი პროტოკოლი არ მოეთხოვებათ, ამიტომ ამაზე საბჭოს მოუწევს მსჯელობა, მთავარია, პორტალი წარმატებით დაინერგოს“.

ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანი იმისთვის, რომ "მწვანე სტატუსი" მიიღოს, რაზეც შრომის ინსპექტორი განმარტავს, რომ პორტალი ითვალისწინებს "მწვანე სტატუსის" მინიჭების რამდენიმე მიმართულებას: ორჯერადი ვაქცინაცია, ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR – კვლევა, ბოლო 24 საათში გაკეთებული ანტიგენის სწრაფი ტესტი, ან ბოლო 6 თვეში გადატანილი კოვიდ-ინფექცია. „თუ ამ ოთხიდან რომელიმეს დამადასტურებელი დოკუმენტი აქვს ადამიანს, აპლიკაცია ავტომატურად გაამწვანებს", - თქვა მან.

ბექა ფერაძის განმარტებითვე, პორტალის გამოყენება ნებისმიერი ბიზნესის წარმომადგენელს შეუძლია.