მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მიმართულებით არის ინვესტიციების მოზიდვა პერსპექტიული - გიორგი პერტაია

5efb2cc3901ad
ვიქტორია მღებრიშვილი
01.07.20 00:10
1319
თუ ვლაპარაკობთ გრძელვადიან ჭრილში ინვესტიციების შემოდინების სტაბილურობაზე განათლებაში ფულის ჩადება არის ყველაზე მნიშვნელოვანი, - განაცხადა სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელმა გიორგი პერტაიამ EPRС-ის მიერ გამართულ დისკუსიაზე "კორონავირუსის ეპოქა და საინვესტიციო პერსპექტივები".

როგორც მან ინვესტიციების მოზიდვის გრძელვადიან გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, საქართველომ წარმატებული ქვეყნების მაგალითებზე მათ მიერ დაშვებული შეცდომები უნდა შეისწავლოს და კონკრეტული პრიორიტეტები გამოყოს, რა მიმართულებით სურს ინვესტიციების მოზიდვა.

„უნდა შევისწავლოთ წარმატებული ქვეყნების მაგალითები ისეთი როგორიც არის მაგალითად ირლანდია. აქ საინტერესოა რა შეცდომები დაუშვეს მათ ამ წარმატების მიღწევის გზაზე. შეცდომები არის სტანდარტული, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ინვესტიციების მოზიდვის დროს: ეს არის პირველ რიგში ის, რომ არ გვაქვს მკვეთრად არჩეული პრიორიტეტი, რაზეც მაგალითად ძალიან ბევრ დროს დავხარჯავს რომ მოვიზიდოთ ინვესტიცია. უნდა იყოს სხვა მიმართულებებიც მაგრამ პრიორიტეტიც უნდა გვქონდეს.

ამისთვის საჭიროა წარმოვიდგინოთ საქართველო 2030 წელს როგორი ქვეყანა იქნება, მსხვილი მწარმოებელი ვერ იქნება იმიტომ რომ კონკურენციაა და ამდენი არც მოსახლე გვყავს რომ მასიური მწარმოებელი ქვეყანა გახდეს. სოფლის მეურნეობის ქვეყანა იქნება? - ვერა, იმიტომ რომ გვაქვს რაღაც ნიშები, მაგრამ იმ მასშტაბის ეკონომიას ჩვენი მიწების ფართობით ვერ მივაღწევთ ვერასდროს, ჰესები გვექნება და ეს იქნება მამოძრავებელი? - ვერ იქნება“, - განმარტავს გიორგი პერტაია.

ის ამბობს, რომ მოკლევადიანი პროექტებით გრძელვადიან გეგმებს ქვეყანა ვერ ააწყობს და ყველაზე მნიშვნელოვნად განათლებაში ინვესტირებას მიიჩნევს.

„ერთადერთი რაც გვრჩება რეალურად რომ დავუკვირდეთ არის სერვისების ექსპორტი. მე საქართველო 2030 წელს წარმომიდგენია ქვეყნად, რომელიც უკეთებს ე.წ. Reaserch&Development-ს ძალიან ბევრ კომპანიას. იმისთვის რომ ამას მივაღწიოთ ძალიან მნიშვნელოვანია რომ განათლებაში ჩაიდოს ფული და მეორე არის, რომ განათლებასა და ბიზნესს შორის არსებობდეს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, რომ მოთხოვნა-მიწოდება არ ასცდეს იმას, რაც დღეს ხდება ძალიან ხშირად.

ის, რომ ჩვენ დიდი ქარხნები გვექნება და ხალხი დასაქმდება და აგუგუნებული ქარხნები იქნება, ამის არ მჯერა, იმიტომ რომ ეს ქარხნები მოძრაობენ, მაგალითისთვის ტექსტილი ჩვენთან რომ მოვიდა კარგია, მაგრამ ჩვენამდე როგორ მოვიდა უნდა ვნახოთ, ეს დაიწყო ჰოლანდიიდან 70-იან წლებში და მოძრაობს და ეძებს იაფ ფასს, ანუ ეს არის მოკლევადიანი პროექტები, რომელზეც საქართველო ვერ ააწყობს გრძელვადიან გეგმებს“, - განაცხადა სავაჭრო სამრეწველო პალატის ხელმძღვანელმა.