მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პირობებში უწევთ ფუნქციონირება სპორტულ ცენტრებს - Aqua Centre & Fitness

5f3fbc202d2b6
ვიქტორია მღებრიშვილი
22.08.20 09:00
1133
საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობის ამოქმდებისას ყველაზე დიდ ხანს მუშაობის განახლების ნებართვას ფიტნეს ცენტრები და საცურაო აუზები ელოდნენ, მათთვის განკუთვნილი რეკომენდაციები კი, რომელიც შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა შეიმუშავა, ჯანდაცვის სამინისტროს 8 ივლისს დაამტკიცა.

BM.GE დაინტერესდა როგორ შეძლეს სპორტულ-გამაჯანსაღებელმა ცენტრებმა ამოქმედება და რა მხრივ ექმნებათ მათ გამოწვევები, ამ და სხვა კითხვებით თბილისში გლდანის რაიონში 2 წლის წინ ამოქმედებულ Aqua Centre & Fitness მიმართა.

როგორც სპორტკომპლექსის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მარიამ სარალიძე აღნიშნავს, პანდემიამ, ისევე როგორც ბევრ სხვა ბიზნესზე, მათზეც დიდი ნეგატიური გავლენა იქონია.

მისი თქმით, ახალმა ვითარებამ და უსაფრთხოების გამკაცრებულმა მოთხოვნებმა შეცვალა მათი სამოქმედო გეგმები, მიდგომები და გაზარდა ხარჯები.

„ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმებს როგორც ფიტნეს ცენტრში, ასევე აუზების მიმართულებითაც ვიცავდით, თუმცა გამკაცრებულმა რეგულაციებმა გაგვიზარდა კომუნალური ხარჯები. მიუხედავად იმისა, რომ ადრე ბევრად მეტი მომხმარებელი გვყვავდა, ახლა მომხმარებელთა რაოდენობა შემცირებულია და შესაბამისად, დატვირთვაც დაკლებულია, თუმცა კომუნალური გადასახადი იმდენად დიდი იყო, რომ მოგვიწია სხვა ხარჯების შემცირება, რაც იმით აიხსნება, რომ ვინტილაციის სისტემის უფრო აქტიურმა გამოყენებამ გაზარდა ჩვენი ხარჯები.

ფიტნესის მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ ვიცავდით სანიტარულ ნორმებს, ახლა დაგვემატა სანიტარული საათები, რომელიც აკლდება სამუშაო დროს და ესეც ამცირებს შემოსავალს და ზრდის დანახარჯებს. ამასთან, იმდენად მოიკლო მომხარებელთა რაოდენობამ, რომ თუ აქამდე 2-3 კაციან ჯგუფებს ვხსნიდით მაგალითად ქროსფიტის შემთხვევაში, ახლა ამ რაოდენობაზე ჯგუფის გახსნა არ გვიღირს, რადგან ხარჯებს ვერ დავფარავთ.

ამავე დროს, დროებით შევაჩერეთ საუნის მომსახურება. ჩავთვალეთ, რომ მისი ღირებულების 15%-20%-ით გაზრდას, ამ მომსახურების დროებითი შეჩერება უკეთესი იქნებოდა“, - განაცხადა მარიამ სარალიძემ.

მისივე თქმით, იმისთვის რომ დაებალანსებინათ ხარჯები მათ სამუშაო დროების და შესაბამისად თანამშრომელთა შემცირებაც მოუწიათ -  თუ პანდემიამდე კომპანია 50-ზე მეტ ადამიანს ასაქმებდა, დღეს მათი რაოდენობა 18-მდე შემცირებული.
„არსებული რეალობიდან გამომდინარე, რადგან არ გვაქვს სრული დატვირთვა, შევამცირეთ სამუშაო საათები, შესაბამისად, შემცირდა თანამშრომელთა რაოდებაც. თუ ცვლაში ვიბარებდით 2 თანამშრომელს, ახლა ამის საჭიროება აღარ გვაქვს და ვიბარებთ ერთს. ამ მხრივ, ხარჯების ოპტიმიზაცია მოგვიწია", - განაცხადა Aqua Centre & Fitness-ის წარმომადგენელმა.

მარიამ სარალიძე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვნადაა შემცირებული მომხამრებელთა რაოდენობაც არსებული რეგულაცებისა და ასევე პერიოდის გათვალისწინებით.

„ამოქმედების პერიოდი აქვა-ცენტრისთვის რთულ პერიოდს დაემთხვა, რადგან წინა წლებში ამ პერიოდში სპორტ კომპლექსი ისვენებდა, რა დროსაც ხდებოდა დალაგება, აუზების გაწმენდა და ა.შ. შესაბამისად, წინა წლის აგვისტოსთან ამ მონაცემების შედარება არ შემიძლია.

აღსანიშნავია ისიც, რომ „აქუა ცენტრის“ ყველაზე სტაბილური შემოსავალი იყო ბავშვების ჯგუფები, რომლებიც სულ გადავსებული იყო და ჯგუფში გვყვავდა 20 ბავშვი, ახლა კი შეზღუდვების მიხედვით 9 ბავშვის მიღების შესაძლებლობა გვაქვს“, - აღნიშნა მან.

გაზრდილმა ხარჯებმა და შემცირებულმა შემოსავალმა კი კომპანიის მენეჯმენტს მომსახურების ღირებულების გაზრდა აიძულა. მარიამ სარალიძე ამბობს, რომ მიუხედავად ამისა, მომხმარებელთა შორის უკმაყოფილება დიდი არ არის.

„მოგვიწია ფასების გაზრდა, რაც ვიზიტის შემცირებული დროით გამოიხატება. მალითისთვის თუ ადრე 12 ვიზიტი გქვონდა ფიტნესზე 70 ლარად, დღეისთვის შეიზღუდა დრო და მომხმარებელი რამდენ ხანსაც უნდა იმდენ ხანს ვერ გაჩერდება ფიტნეს ზონაში.

ფასების გაზრდა ყველაზე მეტად დაეტყო ბავშვების ჯგუფებს. დღეს 10 ვიზიტის ღირებულება დილის საათებში 68 ლარია, ნაცვლად 12 ვიზიტისა. ასევე, საღამოს ჯგუფებზე სადაც ყველაზე მეტი მოთხოვნა იყო ფასები 15-20%-ით გავზარდეთ და შევამცირეთ ვიზიტების რაოდენობა, რამაც რეალურად ერთი გაკვეთილის ღირებულება 20-25%-ით გაზარდა. ფიზიკურად ვერ ვიფუნქციონირებდით ფასების მატების გარეშე, იმიტომ რომ შემოსავალი 50%-ით შეგვიმცირდა“, - უთხრა BM.GE-ის Aqua Centre & Fitness-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა და დასძენა: „ეს არის ის მდგომარეობა, რომლითაც ხარჯებს ვისტუმრებთ და მოგებაზე აქ საუბარი არ შეგვიძლია“.

მარიამ სარალიძე აღნიშნავს, რომ მომხმარებელთა მხრიდან გაზრდილი ფასების გამო უკმაყოფილებაც არ ყოფილა და ბევრი აღნიშნავს, რომ უღირს უფრო მეტი თანხის გადახადა და უსაფრთხო გარემოში მისვლა.