მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პირობით მიიღებენ ემიგრაციიდან დაბრუნებულები 4000-ლარიან დახმარებას?

6058c0ebae962
თამთა ჯიჯავაძე
23.03.21 00:00
6935
თუ ემიგრაციაში იყავით, საქართველოშიც დაბრუნდით და ბიზნესიდეაც გაქვთ, რომლის განხორციელებას 4000 ლარი ეყოფა, ჯანდაცვის სამინისტრომ შესაძლოა დაგაფინანსოთ. 4000 ლარის ფარგლებში გრანტების მიღება ემიგრანტებს იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ ისინი საზღვარგარეთ 12 თვეზე დიდ ხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ და ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში დაბრუნდნენ.

გრანტის მისაღებად ბიზნესპროექტის წარდგენაა საჭირო, რომელსაც საგანგებოდ შექმნილი კომისია განიხილავს. მოწონების შემთხვევაში, კი პროექტი შესაძლოა იმ 200-მდე ბენეფიციარს შორის მოხვდეს, რომლებსაც სახელმწიფო 4000-ლარიანი გრანტებით დააფინანსებს.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში აცხადებენ, რომ დაფინანსებული პროექტების მონიტორინგი ორი წლის განმავლობაში ხორციელდება და იმ შემთხვევაში თუ ბენეფიციარი საქმიანობას მიატოვებს და ქვეყნის დატოვებას გადაწყვეტს, შესაძლოა სანქციის გადახდაც კი მოუწიოს.

“პროექტის ფარგლებში ვეხმარებით ბენეფიციარებს როგორც უკვე წამოწყებული საქმიანობის გაფართოებაში, ისე საქმიანობის წამოწყებაში. ბენეფიციარს მიღებული გრანტით შესაძლოა შევუძინოთ ხელობისთვის საჭირო იარაღები, მანქანა-დანადგარები ან სხვა ძირითადი საშუალებები, რაც მათი პროექტის განხორციელებისთვისაა საჭირო. იმისთვის რომ ბენეფიციარმა მოიპოვოს გრანტი, უნდა შეავსოს განაცხადი.

განაცხადის ფორმა არის ხელმისაწვდომი ვებგვერდზე, სადაც გაწერილია ყველა ის მოთხოვნა, რაც ბენეფიციარმა უნდა დაკმაყოფილოს. უნდა წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია თავისი პროექტის შესახებ. რაც შეეხება მონიტორინგის ნაწილს, ჩვენი მხრიდან მონიტორინგი ხორციელდება პროექტის განხილვამდეც, ანუ სანამ ის კომისიას წარედგინება და ასევე პროექტის დაფინანსების შემდეგაც ორი წლის განმავლობაში, რამდენად წარმატებულად მიმდინარეობს სახელმწიფოს დაფინანსებული საქმიანობა", - აცხადებს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, ინტეგრაცია, რეინტეგრაციის სამსახურის უფროსი დავით ფეიქრიშვილი.

ცნობისთვის, სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამა 2015 წლიდან ხორციელდება. სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამით, რომელსაც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს, ყოველწლიურად საშუალოდ 150 ბენეფიციარი სარგებლობს. წელს ჯამში, 200-მდე დაბრუნებული მიგრანტი დაფინანსდება, რაზეც ჯამურად ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება.