16.ივლისი .2020 21:21

რა საჭიროებები აქვთ ლოგისტიკურ კომპანიებს - DTS Logistic Services Georgia

views 428
უკან

ტვირთბრუნვა მაისის შემდეგ 60%-ით შეგვიმცირდა - ამის შესახებ BM.GE-ს ლოგისტიკური კომპანია DTS Logistic Services Georgia-ს დირექტორმა თამარ მექვაბიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე კომპანია აქტიურად მუშაობდა, ტვირთბრუნვაც გაზრდილი იყო, თუმცა მაისის შემდეგ შეინიშნება ტვირთბრუნვის შემცირება.

„ახალი კოვიდ-19-ის გავლენით შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით სატრანსპორტო სექტორი დადგა გამოწვევების წინაშე. კოვიდთან დაკავშირებული შეზღუდვების დაწესებამ გამოიწვია ჩვენს სექტორში ტვირთბრუნვის შემცირება, რაც მაისის თვიდან მოყოლებული პირდაპირ აისახება ტვირთბრუნვაზე.

სამწუხაროდ მომდევნო 2 თვის განმავლობაში კიდევ უფრო გაუარესებულ შედეგებს ველოდებით, მაგრამ ველოდებით, რომ სექტემბრიდან როდესაც მოიხსნება გარკვეული შეზღუდვები, უფრო მეტად ამუშავდება ჩვენი სექტორი“, - განაცხადა თამარ მექვაბიშვილმა.

ლოგისტიკური კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მათ ძირითად გამოწვევას ამ პერიოდისთვის შეზღუდული ავიარეისები და სახმელეთო ტრანსპორტის მიმართულებით ორკვირიანი საკარანტინო რეჟიმია. თამარ მექვაბიშვილი აღნიშნავს, რომ ეს ობიექტური ფაქტორებიდან გამომდინარეობს, თუმცა აცხადებს რომ ამ მხრივ სექტორს სახელმწიფოს ხელშეწყობა ესაჭიროება.

„ჩვენს სექტორზე ძირითად გავლენას ახდენს ფრენების შეზღუდვა. სახმელეთო მიმოსვლას რაც შეეხება ეს არის ორკვირიანი კარანტინი, რომელიც ავალდებულებს მძღოლებს სატვირთო გადაზიდვების შესრულებისას საკარანტინე რეჟიმში იყვნენ, რაც ჩვენს სექტორს საკმაოდ დიდი პრობლემების წინაშე აყენებს.

ჩვენს შემთხვევაში არ ვთვლი, რომ სახელმწიფოს შეეძლო გადამწყვეტი გადაწყვეტილებების მიღება. მესმის რომ ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ფრენებთან და სატრანსპორტო გადაზიდვებთან დაკავშირებით მიღებული შეზღუდვები ზოგადად მთელი მსოფლიოს პრობლემაა და არა მხოლოდ ჩვენი, მაგრამ აღმოვჩნდით იმ სექტორში, რომელსაც პირდაპირ შეეხო ეს შეზღუდვები.

სახელმწიფოს მხრიდან დაგვეხმარებოდა მიმოსვლასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნა და საკარანტინო რეჟიმი, რომელიც გარკვეულწილად ძალიან დიდ პრობლემებს უქმნის ჩვენს სექტორს“, - უთხრა BM.GE-ს DTS Logistic Services Georgia-ს დირექტორმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა