მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შეღავათებს ჰპირდება მთავრობა ელექტროენერგიის უმსხვილეს მომხმარებლებს

5db712a67b7e7
დავით ჯალაღონია
29.10.19 10:45
1741
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის დავით თვალაბეიშვილის ინფორმაციით, ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლები, რომლებიც ელ.ენერგიას თავისუფალ ბაზარზე, დისტრიბუტორების გარეშე ყიდულობენ, გარკვეულ შეღავათებს მიიღებენ.

ამის შესახებ მან პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ენერგეტიკაში დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებით კანონპროექტების განხილვა გაიმართა.

შეღავათებთან დაკავშირებით საკითხი რუსთავის მეტალურგიული ქარხნის იურისტმა დავით ებრალიძემ წამოჭრა, რომელმაც სხდომაზე განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც ქარხანამ ელექტროენერგიის შეძენა თავისუფალ ბაზარზე დაიწყო, ენერგორესურსის ხარჯი 30%–ით გაიზარდა, ზოგიერთი საწარმო კი საქმიანობის შეჩერების პირას არის.

"მას შემდეგ, რაც კომპანიები გავიდნენ ბაზარზე, გარკვეულწილად მოხდა ფასების ზრდა. ზაფხულში ეს არ მოხდა, მაგრამ ზამთარში ფასების ზრდა მოსალოდნელია და ზუსტად ამიტომ გვაქვს კონკრეტული ნაბიჯები დაგეგმილი, რომ ეს ზამთარი და მთელი მომავალი წელი, ხელი შევუწყოთ იმას, რომ ეს ზრდა ამ კომპანიებისთვის იყოს გონივრულობის ფარგლებში.

მე აქ ვერ ვიტყვი, მაგრამ თქვენს ხელმძღვანელობასთან იყო გავლილი ეს თემები. იქ იყო შეთანხმებები, რომ გარკვეული შეღავათები იქნება თბოსადგურის ფასების მიმართულებით, ანუ უფრო იაფად მიეწოდება ამ კომპანიებს გარკვეულ თვეებში ელექტროენერგია. ასევე, გაზის ფასთან დაკავშირებითაც იყო შეღავათები. ეს თემები გავლილია და სპეციფიური გადაწყვეტილებები მიღებულია", – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მსხვილი ელექტრომომხარებლების პრობლემებს დარგობრივი კომიტეტი მომავალ კვირას ცაკლე სამუშაო შეხვედრაზე განიხილავს.

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, ამ დროისთვის ასეთი სულ 16 კომპანიაა, რომლებიც ელექტროენერგიას დისტრიბუტორების – "თელასის" და "ენერგო–პრო ჯორჯიას" გარეშე შეიძენენ. თითოეული კომპანიის მიერ ელექტროენერგიის თვიური მოხმარება 5 მლნ კვტ.სთ–ს აჭარბებს.