მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში აღადგენს რუსეთი ფრენებს საქართველოში? კარასინი–აბაშიძის შეხვედრის დეტალები

5fc21fae6230b
სალომე მეცხვარიშვილი
28.11.20 14:00
1279
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას ონლაინ შეხვედრის თაობაზე, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრ გრიგორი კარასინს შორის შედგა.

როგორც რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ავიამიმოსვლის აღდგენის პერსპექტივები, რომელიც გასული წლის ივლისში შეწყდა.

“ფრენების აღდგენისთვის პირობები კარგად არის ცნობილი – ანტირუსული გამოვლინებების გავრცელების შეწყვეტა, რუსეთის მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, ორივე ქვეყანაში სანიტარულ–ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც კოვიდ–19–ით არის გამოწვეული, უნდა იყოს ნორმალიზებული”,– ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისს შეწყდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ოფიციალურმა მოსკოვმა მიიღო.

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისების შეწყვეტა საქართველოში 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. 19-20 ივნისს საქართველოში დაგეგმილი იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია. ასამბლეის პრეზიდენტი რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვია, რომელიც აღნიშნულ სესიას 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე გაუძღვა. „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პროტესტის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა და რუსეთის დელეგაცია იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო. 20 ივნისს კი თბილისში გავრილოვის საქართველოში მოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები.
რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები