მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის გადასახადებს იხდიან აზარტული თამაშების კომპანიები - სტატისტიკა

619b76a60e180
შოთა ტყეშელაშვილი
22.11.21 14:55
4476
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზარტული თამაშების სექტორის რეგულირების ახალი პაკეტი წარადგინა. მისი თქმით, 25 წლამდე მოქალაქეებისთვის თამაშის უფლება აიკრძალება, ასევე აზარტული თამაშების კომპანიებს რეკლამის უფლება აეკრძალებათ. პარალელურად, შეიცვლება აზარტული თამაშების კომპანიების დასაბეგრი ბაზა და მათთვის გადასახადების მოცულობა გაიზრდება.

ჯერჯერობით, დაბეგრვის ახალი მოდელი ცნობილი არაა, თუმცა როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, მათ მთავრობა 1 კვირაში წარადგენს. 

რამდენი მილიონის გადასახადებს იხდიან აზარტული თამაშების კომპანიები?

აზარტული თამაშების სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მეტად რეგულირებადი სექტორია. სფერო გადასახადებს იხდის, როგორც ცენტრალურ ბიუჯეტში, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობებშიც, რაც აზარტული თამაშების საქმიანობის მოსაკრებელს წარმოადგენს.

BMG-იმ ნაერთი ბიუჯეტის ანგარიშის და სადეპუტატო კითხვის პასუხზე დაყრდნობით გამოთვალა, მთლიანობაში რა გადასახადებს იხდიან აზარტული თამაშების კომპანიები. გამოთვლის მიხედვით, სექტორის მიერ გადახდილი გადასახადები მაქსიმალური 2019 წელს იყო და ის 420.4 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2020 წელს პანდემიის გამო 302.1 მილიონამდე შემცირდა. კლების მიზეზი ფიზიკური კაზინოების მიმართულებით დაფიქსირებული შემცირება იყო. 2021 წლის პირველ ნახევარში კი სექტორმა 194.3 მილიონი ლარის გადასახადები გადაიხადა. ფიზიკური კაზინოების გააქტიურების ფონზე, წლის ბოლომდე სექტორის მიერ გადახდილი ჯამური გადასახადები, სავარაუდოდ, კვლავ 400 მილიონ ლარს დაუბრუნდება.

2020 წელს სექტორის მიერ გადახდილი გადასახადები ასე ნაწილდება:

• მოგების გადასახადი - 131,107,914 ლარი;
• საშემოსავლო გადასახადი - 61,251,180 ლარი;
• მოსაკრებელი სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს და წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვაზე - 36,095,000 ლარი;
• სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი - 55,858,475 ლარი;
• დღგ -  20,616,083 ლარი;
• ქონების გადასახადი (მ.შ. მიწა) - 1,213,494 ლარი;
• სხვა გადასახადები - -3,996,181 ლარი; 
• ჯამი სულ -  302,145,965 ლარი.




უცნობია რამდენად შეიცვლება სექტორის მიერ გადახდილი გადასახადების მოცულობა 2022 წლიდან, რადგანაც ონლაინ აზარტულ თამაშებს დააკლდებათ 18-24 წლის მოქალაქეები, რომელთა რაოდენობაც 300,000 ადამიანია. თუმცა მეორე მხრივ ამავე კომპანიებს გაეზრდებათ საგადასახადო ტვირთი, შესაბამისად ამ კლების მიუხედავად მათ მიერ გადახდილი გადასახადები შესაძლოა მაინც გაიზარდოს. თუმცა, ეს უფრო ზუსტად ერთი კვირის შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ფინანსთა სამინისტრო დაბეგვრის ახალ მოდელს წარადგენს.

გადასახადების გაზრდასთან ერთად, აზარტული თამაშების კომპანიებს მათი სარეკლამო ხარჯების შემცირება მოუწევთ, რაზეც ამჟამად ათობით მილიონ ლარს ხარჯავენ. ეს შეზღუდვა თავისმხრივ საქართველოს სარეკლამო ბაზარზეც მოახდენს გავლენას, როგორც სატელევიზიო, ასევე ონლაინ და გარე რეკლამის მიმართულებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები