20.ნოემბერი .2019 22:02

რამდენი მლნ-ის ეკონომიას ელოდება ტიკარაძის უწყება კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებით?

views 738
უკან

ხვალიდან, 20 ნოემბრიდან ძალაში შედის საქართველოს მთავრობის 5 ნოემბრის #520 დადგენილება, რომლის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრება ხდება.

Bm.ge-მ ჯანდაცვის მინისტრის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას ჰკითხა, რამდენი მლნ ლარის ეკონომიას ელოდება ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებით, რაზეც გაბუნიამ განაცხადა, რომ საუბარია, რამდენიმე ათეულ მლნ ლარზე.

„რეანიმაციის სერვისისთვის ის დანაზოგი, რომელიც გათანაბრებით შეიძლება მივიღოთ, ესაა დაახლოებით, 30 მლნ ლარის ფარგლებში, რაც შეეხება კარდიოქირურგიის მხარეს, აქ სახელმწიფოს მხარეს ძალიან მცირეა დანაზოგი, სადღაც 3 მლნ ლარია სულ მოსალოდნელი დანაზოგი, მაგრამ აქ მოსალოდნელია 11 მლნ პაციენტისთვის დანაზოგი, რომელიც იყო ჯიბიდან გადახდის წილზე და სხვადასხვა დანამატის ხარჯზე, მაგალითად, კონკრეტული ექიმის არჩევისთვის მისი ჰონორარი ან სხვა დამატებითი ხარჯი, რომელიც ჩვენ არგუმენტირებულად ვერ ჩავთვალეთ იმისთვის, რომ შეგვენარჩუნებინა ტარიფი“, - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

ცნობისთვის: 26 სამედიცინო დაწესებულების თხოვნის მიუხედავად, მთავრობამ 520-ე დადგენილების ამოქმედების ვადა არ გადასწია, თუმცა შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და საკითხზე გაიმართება დამატებითი კონსულტაციები. ასეთი გადაწყვეტილება დღეს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტზე სამუშაო შეხვედრის შემდეგ მიიღეს, რომელსაც სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები, ექიმები, ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი და ასევე ჯანდაცვის მინისტრის ორი მოადგილე ესწრებოდა. თავად მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დღევანდელ დისკუსიაში არ მონაწილეობდა.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, ის დააკვირდება მიმდინარე პროცესებს და საჭიროების გამოკვეთის შემთხვევაში, მზადაა პრემიერ-მინისტრს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დადგენილების გადავადების წინადადებითაც მიმართოს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა