საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა (GAACC) 3 წელია რაც შეიქმნა და ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად უჭერს მხარს ბიზნესებს თუ ანტრეპრენიორებს საქართველოდან და აზია-აფრიკის ქვეყნებიდან. აძლევს მათ ახალ შესაძლებლობებს, კავშირებსა და ინსტრუმენტებს ბიზნესის განვითარებისათვის სამივე კონტინენტზე.
GAACC-ის ხელმძღვანელი და დამფუძნებელი ეკატერინე მაისურაძე BM.GE-ისთან საუბრისას ამბობს, რომ მიუხედავად Covid 19-ის გავლენისა, პალატა აქტიურად განაგრძობდა თავის საქმიანობას. მათ შორის, პანდემიის პერიოდში პალატას 20-მდე ახალი წევრი შემოუერთდა და გაფორმდა რამდენიმე მნიშვნელოვანი თანამშრომლობის მემორანდუმი, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული კომპანია და თანამშრომლობის ხარისხი“, - აცხადებს ეკატერინე მაისურაძე.
მისი თქმით, პოსტ-პანდემიურ პერიოდში კერძო სექტორისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ახალ ბაზრებზე შესვლა და ახალი ბიზნეს პარტნიორების მოძიება გახდება, რაშიც საქართველოსა და აზია-აფრიკის პალატა დაეხმარება. სწორედ ამიტომ GAACC მათთან გაწევრიანების მსურველი ბიზნესებს ხელსაყრელ შეთავაზებას უკეთებს.
„COVID-19-ის მიერ ბიზნესებისთვის შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ სრული მხარდაჭერა გამოგვეცხადებინა ბიზნესებისა და მეწარმეებისთვის. ამიტომაც, წევრებსა და მსურველებს ჩვენს პაკეტს სრულიად უფასოდ ვთავაზობთ, რაც GAACC-ის მიერ შემოთავაზებულ ბენეფიტებსა და სერვისებზე სრულ ხელმისაწვდომობას გულისხმობს. მათ შორის უფასო ტრეინინგებსა და მასტერკლასებს, მარკეტინგულ მხარდაჭერას, სამიზნე ბაზარზე პოპულარიზაციას, უცხოელი პარტნიორების მოძიებასა და ექსპორტის საკითხებში მხარდაჭერას. ვინაიდან შუალედური რგოლი ვართ უცხოურ და ქართულ ბიზნესებს შორის, ეს შეთავაზება შეეხება როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ კომპანიებსაც“, - განაცხადა ეკატერინე მაისურაძემ.
პანდემიის კრიზისულ პერიოდში, ბიზნესის გაძლიერებისა და აქტიური მხარდაჭერის ინიციატივების ფარგლებში, GAACC-მ არაერთი შეხვედრა ჩაატარა, მათ შორის გერმანელი ექსპერტის მასტერკლასი, ვებინარები და ტრეინინგები ექსპორტის საკითხზე. აღსანიშნავია „აწარმოე საქართველოსთან“ ერთად გამართული შეხვედრა ინდოელ ბიზნესმენების ჯგუფთან და აქტიური მოლაპარაკებები არაბ ინვესტორებთან, რომლებიც საქართველოს საინვესტიციო გარემოთი არიან დაინტერესებულნი. ეკატერინე მაისურაძის თქმით, ამ პროცესების კონკრეტული შედეგი ის არის, რომ უახლოეს პერიოდში ინვესტორები საქართველოს ეწვევიან.
ცნობისთვის, GAACC-ის ხელმძღვანელი დეკემბერში მსოფლიო ბიზნეს ლიდერების გლობალური პალატის (GCBL) კავკასიის რეგიონის დირექტორად დაინიშნა, ხოლო GAACC მსოფლიო ბიზნესქსელის ოფიციალური პარტნიორი გახდა, რაც მის წევრ კომპანიებსა და ბიზნესებს საშუალებას აძლევს პალატის გავლით ამ პლატფორმის წევრებიც გახდნენ.