საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, „საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე გამოცხადებული ტენდერის მიმართ საზოგადოების ინტერესის მიუხედავად, ფინანსთა სამინისტრო ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისგან თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმებამდე თავს შეიკავებს”.
ამის შესახებ „საქმის კურსს“ დიმიტრი ქუმსიშვილის უწყებაში განუცხადეს.
წერილობით პასუხში არგუმენტად საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის #438 დადგენილებაა მოყვანილი, რომლის თანახმად, ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც შეეხება ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებს, კონფიდენციალურია საბოლოო ხელშეკრულების გაფორმებამდე, თუმცა ფინანსთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ, სავარაუდოდ, როდის გაფორმდება ხელშეკრულება.
გარდა ამისა, როგორც უწყებაში აცხადებენ, #438 დადგენილებით, სატენდერო კომისიას უფლება აქვს, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს, შეაჩეროს ან შეწყვიტოს ტენდერის პროცედურები, რაც ნაკლებად სავარაუდოა, რადგან როგორც „საქმის კურსისთვის“ გახდა ცნობილი, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 აპრილის N695 განკარგულების საფუძველზე ფინანსთა სამინისტროს მიეცა თანხმობა, რომ „საქართველოში ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მინიჭების თაობაზე“ ფინანსთა სამინისტროსა და გამარჯვებულ პრეტენდენტთან დასადები ხელშეკრულების პროექტის მომზადების, მოლაპარაკებების წარმოების და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ,,საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ’’ საქართველოს კანონით მისთვის განსაზრულ ასიგნებათა ფარგლებში.
ამასთან, დიმიტრი ქუმსიშვილის უწყებაში ირწმუნებიან, რომ საქართველოში ლატარიის ორგანიზება-ჩატარების ექსკლუზიური უფლების გადაცემის შესახებ ტენდერი საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით ჩატარდა.
„საკითხის მნიშვნელობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, საქართველოში ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ჩასატარებელ ტენდერის პროცედურებზე, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მოწვეული ყოფილიყო დამოუკიდებელი პირი/ექსპერტი/კონსულტანტი. როგორც სატენდერო დოკუმენტაციის (სატენდერო წინადადების მოთხოვნები) შემუშავება, ასევე ტენდერის მსვლელობისას პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებების შესწავლა, განხორციელებულ იქნა დამოუკიდებელი და მსოფლიოში აღიარებული აუდიტორული კომპანიიის „პრაისუოთერჰაუს კუპერს"-ის მიერ“, - წერია ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოგზავნილ წერილობით პასუხში.
შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტრომ საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ტენდერი 2016 წლის სექტემბერში გამოაცხადა.

























