13.დეკემბერი .2019 14:30

რატომ გამკაცრდა მონეტარული პოლიტიკა - კობა გვენეტაძის განმარტება პარლამენტში

views 908
უკან

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე დღეს პარლამენტის წინაშე ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შესახებ დოკუმენტის დამტკიცებაზე პარლამენტში იმყოფებოდა. პრეზენტაციაზე გვენეტაძემ სებ-ის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ისაუბრა და განმარტა, რის გამო მოხდა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება (რეფინანსირების განაკვეთის ზრდა).

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 11 დეკემბერს სებ-მა მონეტარული პოლიტიკა 9%-მდე გაამკაცრა, რაც 2008 წლის შემდგომ რეფინანსირების სესხის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ 7%-მდე გაზრდილი ინფლაციის საპასუხოდ, სებ-მა რეფინანსირების სესხებზე განაკვეთის ზრდა აუცილებლად ჩათვალა, რის გამოც, ეს განაკვეთი 9%-მდე გაიზარდა. 

კობა გვენეტაძე რეფინანსირების განაკვეთის შესახებ:

"რეფინანსირების სესხები არის მონეტარული პოლიტიკის ძირითადი საოპერაციო ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებით ეროვნული ბანკი სისტემას ყოველთვის აწვდის ზუსტად იმ მოცულობის სახსრებს, რაზეც დროის კონკრეტულ მომენტში არის მოთხოვნა. მნიშვნელოვანია, რომ ლიკვიდობის მიწოდებაში იგულისხმება მისი ჯამური მიწოდება და არა მხოლოდ რეფინანსირების სესხები; რეფინანსირების სესხების გარდა სისტემაში ლიკვიდობა სხვა არხებითაც შეიძლება შემცირდეს/გაიზარდოს. ასეთებია, მაგალითად, მთავრობის ოპერაციები, სავალუტო ოპერაციები, ღია ბაზრის ოპერაციები და სხვა. სწორედ რეფინანსირების სესხებით ხდება სისტემაში სხვა წყაროებიდან ლიკვიდობის შემოდინება-გადინების შედეგად ლიკვიდობის გაჩენილი მერყეობის დაბალანსება. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეროვნული ბანკი ლიკვიდობის და ფულის მიწოდებას მოცემული საპროცენტო განაკვეთის პირობებში მოთხოვნის შესაბამისად ახორციელებს. რომ შევაჯამოთ, ეროვნული ბანკი, სხვა ცენტრალური ბანკების მსგავსად, ფულის მიწოდებას ფასისმიერი და არა რაოდენობრივი პრინციპით, ანუ საპროცენტო განაკვეთის ცვლილებით ახორციელებს. ის საოპერაციო ჩარჩო, რომელსაც ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განხორციელებისას იყენებს, წამყვანი, მათ შორის მცირე ზომის ღია ეკონომიკების ცენტრალური ბანკების, საუკეთესო პრაქტიკასთან სრულ შესაბამისობაშია.
მიმდინარე წლის მარტიდან წლიური ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე მაღალი იყო და ნოემბერში მან 7.0 პროცენტი შეადგინა. წლის დასაწყისში ინფლაციაზე ერთჯერადი ფაქტორების გავლენას ჰქონდა ადგილი - აქციზის გამო მნიშვნელოვნად გაიზარდა თამბაქოს ნაწარმის ფასები, ასევე, მომატებულია ფასები სურსათზე, რაც ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკაზე ნაკლებადაა დამოკიდებული.

ასეთი ტიპის ფაქტორებზე ცენტრალური ბანკები, როგორც წესი, არ რეაგირებენ, ვინაიდან მათი განეიტრალება მონეტარული ინსტრუმენტებით თითქმის შეუძლებელია. სექტემბრის თვიდან კი ინფლაციის ზრდა დაჩქარდა, რაც მნიშვნელოვანწილად ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურებით და გაუფასურებულ ნიშნულზე დიდხანს შენარჩუნებამ გამოწვია. როგორც მოგეხსენებათ, ივლისში რუსეთის მიერ ავიაფრენების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადებამ და სხვა შესაძლო ფორმალური თუ არაფორმალური სავაჭრო სანქციების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ გაცვლითი კურსის გაუფასურების მოლოდინი გააჩინა. შესაბამისად, სავალუტო შემოდინებების ფაქტობრივ შემცირებამდეც, ბაზარზე შემცირდა უცხოური ვალუტის მიწოდება, ხოლო მოთხოვნა გაიზარდა, რამაც კურსის მყისიერი გაუფასურება გამოიწვია - უფრო ადრე, ვიდრე ტურისტული შემოსავლები ფაქტობრივად დაიწყებდა შემცირებას. ჩვენი შეფასებით, ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო. ამას დაემატა პოლიტიკური დაძაბულობა, რამაც კურსის დამატებით გაუფასურებას შეუწყო ხელი.

ინფლაციის გრძელვადიანი ტრენდის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია საბაზო ინფლაციაზე დაკვირვება. საბაზო ინფლაცია გამოითვლება მერყევი სურსათის, ენერგომატარებლებისა და თამბაქოს ფასების გამორიცხვით. აღსანიშნავია, რომ საბაზო ინფლაციამ ნოემბერში 3.5 პროცენტი შეადგინა, ანუ მიზნობრივ მაჩვენებელთან უფრო ახლოსაა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოთხოვნის მხრიდან ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორები ძლიერი არ არის. თუმცა, წლის დასაწყისიდან საბაზო ინფლაცია ზრდის ტენდენციით ხასიათდება, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ინფლაციური პროცესის რისკი მომატებულია. ეროვნული ბანკის მიზანი კი სწორედ ამ უკანასკნელის განეიტრალებაა და ჩვენი ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები სწორედ ამას ემსახურება.

რადგანაც კურსის გაუფასურება ინფლაციურ პროცესებში გადავიდა და ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო და რეფინანსირების განაკვეთი ეტაპობრივად 2.5 პროცენტული პუნქტით 9.0 პროცენტამდე გაზარდა. მონეტარული პოლიტიკის ამგვარი ზრდა ქვეყანაში მთლიანი ხარჯვის მოცულობას შეამცირებს, რაც, საბოლოოდ, სამომხმარებლო პროდუქტების ფასების ზრდის ტემპებს შეანელებს. ამავდროულად, საპროცენტო განაკვეთების ზრდა ეროვნულ ვალუტით დანაზოგებს უფრო მიმზიდველს ხდის და ინვესტორებს ლარის ფასიანი ქაღალდების გამოყენებისკენ უბიძგებს, ეს კი ლარზე მოთხოვნის ზრდას და მის გამყარებას ეხმარება. გარდა ამისა, ეროვნულმა ბანკმა მის ხელთ არსებული სხვა ბერკეტებიც აამოქმედა, კერძოდ, განახორციელა ინტერვენციები და შეამცირა უცხოური ვალუტის სარეზერვო მოთხოვნები. თუმცა, ყველაზე ქმედითი ბერკეტი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთია.

არსებული საბაზო პროგნოზით, წლიური ინფლაცია, სხვა თანაბარ პირობებში, მომავალი წლის მარტიდან შემცირებას დაიწყებს და წლის ბოლოსთვის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება",- ამბობს კობა გვენეტაძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა