მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ შეიძინა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ანტიკვარული ავეჯი – ოფიციალური განმარტება

5d9ddcc875ed8
BM.GE
09.10.19 17:10
1755
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კულტურის, განათლებისა და მეცნიერების საკითხებში კონსტანტინე ნაცვლიშვილის განცხადებით, ორბელიანების სასახლის ავეჯით აღჭურვილი ისტორიული ნაწილი საზოგადოებისათვის ღია იქნება.

ამის შესახებ მან ორბელიანების სასახლის ისტორიული ნაწილის ავეჯით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ავეჯისა და ინვენტარის შესასყიდად გამოყოფილი იყო 1 200 000 ლარი, საიდანაც 80 ათასი ლარის ეკონომია გაკეთდა.

"ავეჯი, რომელიც შევიძინეთ განკუთვნილია სასახლის წარმომადგენლობითი ნაწილისთვის, რომელიც არ წარმოადგენს პრეზიდენტის პირად სამუშაო სივრცეს, აქ საერთაშორისო ვიზიტებისას ხდება მაღალი რანგის სტუმრების მიღება. ორბელიანების სასახლე აღიჭურვა ინვენტარით, რომელიც ისტორიულად დამახასიათებელი იყო მსგავსი ტიპის შენობებისთვის საქართველოში და ემსახურებოდა ორბელიანების სასახლის ისტორიული იერსახის აღდგენას.

ვეცადეთ ეპოქა ყოფილიყო წარმოჩენილი. კულტურული ფასეულობის მქონე ძველი ავეჯი და ინვენტარი მთლიანად შევიძინეთ საქართველოში, ოჯახებში და ეს იყო ამ პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი. მოგეხსენებათ, ბოლო ათწლეულებია საქართველოდან სისტემატურად გაედინება კულტურული ფასეულობები უცხოეთში, რაც მნიშვნელოვნად იწვევს ჩვენი საზოგადოების და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის გაღარიბებას. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სახელმწიფომ პირველად შესძლო მსგავსი ტიპის შესყიდვა, რომელიც ემსახურებოდა ჩვენი საზოგადოებისთვის და მომავალი თაობებისთვის კულტურული ფასეულობების შენარჩუნებას", - აღნიშნა კოტე ნაცვლიშვილმა.

ამავე დროს, პრეზიდენტის მრჩევლის განმარტებით, ეკონომიური და ფინანსური თვალსაზრისით, მეორადი და ანტიკვარული ავეჯი საქართველოს პირობებში უფრო იაფი ჯდება, ვიდრე თანამედროვე სტილის ქარხნული ავეჯის შეძენა.

"ასევე, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ის ფულადი რესურსი, რომელიც ორბელიანების სასახლის ისტორიული ნაწილის მოწყობისთვის დაიხარჯა, დარჩა საქართველოში და ქართულ ოჯახებში. თანამედროვე ინვენტარის ნაწილი შეძენილია საქართველოში, საქართვლოში დამზადებულ პროდუქტს და ჩვენს მიზანს ასევე წარმოადგენდა ქართული მცირე საწარმოების განვითარების წახალისება", - აღნიშნა კოტე ნაცვლიშვილმა.

რაც შეეხება საფრანგეთს, კოტე ნაცვლიშვილის განცხადებით, საფრანგეთიდან არანაირი ნივთი არ შეძენილა - არც ახალი არც ძველი.

„გვაქვს ორი ნივთი, ანტიკვარული ლუი მეთხუთმეტეს სტილის მაგიდა და კარადა, რომელიც პრეზიდენტის, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის მამის, ლევან ზურაბიშვილის საკუთრება იყო, რომელიც მოგეხსენებათ პარიზში ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე გახლდათ. პრეზიდენტმა ეს ორი ნივთი საქართველოს საჩუქრად გადასცა და ეს ნივთები ორბელიანების სასახლეში დაიდებს ბინას“, - აღნიშნა კოტე ნაცვლიშვილმა.