მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Raw Wine Berlin 2021-ზე 12 ქართული მარნის ღვინის ნიმუშების ჩატანა ვერ მოესწრო - რატომ?

61a4c68af164b
სალომე მეცხვარიშვილი
29.11.21 18:24
1118
28 ნოემბერს, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ღვინის საერთაშორისო გამოფენა Raw Wine Berlin 2021 ჩატარდა, რომელშიც 20-მდე ქვეყნიდან მარნები მონაწილეობდნენ; მათ შორის ქართული პროდუქციაც უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი.

გამოფენაზე საქართველოდან 12 მცირე მარანი გაემგზავრა, რომელთაც ადგილზე საკუთარი პროდუქციის პრეზენტაცია უნდა გაემართათ, თუმცა გამოფენამ, პრაქტიკულად, ქართული ღვინის გარეშე ჩაიარა. საქმე ისაა, რომ ღვინის ბერლინში ჩატანა ვერ მოესწრო.

უფრო კონკრეტულად კი, აღნიშნული გამოფენის ორგანიზებაში საქართველოდან ღვინის ეროვნული სააგენტო იყო ჩართული. უწყებაში bm.ge-ს განუცხადეს, რომ მათი მხრიდან ყველაფერი შესრულდა, თუმცა ტვირთი გერმანიის საბაჟოზე “მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო” შეფერხდა. 

“სამწუხაროდ, მსგავსი შემთხვევები არაა გამორიცხული”,- აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

ამასთან, bm.ge დაინტერესდა, რა თანხა დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოფენაში მონაწილეობისთვის, რაზეც განგვიცხადეს, რომ მსგავს საკითხებთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ.

საქართველოდან Raw Wine Berlin 2021-ის ერთ-ერთი მონაწილე იყო “ვაჟა გეთიაშვილის მარანი”. კომპანიაში bm.ge-ს უთხრეს, რომ რეალურად მათთვისაც გაუგებარია, რატომ ვერ მოხვდა ღვინო გამოფენაზე. მათი თქმით, საკითხზე პასუხისმგებელი ღვინის ეროვნული სააგენტო იყო.

მარნის ინფორმაციითვე, საერთაშორისო გამოფენაზე მათივე წაღებული, ძირითადად უეტიკეტო ღვინოების ნიმუშებით მოუწიათ წარდგენა; აქვე იმასაც აღნიშნავენ, რომ ღონისძიებაზე წასვლა ძირითადად სწორედ სახელმწიფოს მიერ იყო დაფინანსებული და კომპანიებს მხოლოდ მცირე ხარჯის გაღება მოუწიათ.

"ბაიას ღვინის" დამფუძნებელი ბაია აბულაძე ამბობს, რომ გამოფენისთვის ბერლინში გაგზავნილი სანიმუშო ღვინოების დაგვიანებით ჩასვლის მიზეზი შესაძლოა ტრანსპორტირება იყოს, რაც პანდემიის პერიოდში მათი კომპანიისთვის ნაცნობ მდგომარეობას წარმოადგენს. მისივე თქმით, ფესტივალზე მათ ადგილობრივი იმპორტირების მიერ გატანილი "ბაიას ღვინოები" ღვინო წარადგინეს და კომპანიას უცხოურ ბაზარზე ღვინის პრეზენტაციაში სირთულეები არ შექმნია. 

თავის მხრივ, ღვინის ეროვნულ სააგენტოშიც აცხადებენ, რომ გამოფენა არ ჩაშლილა და ასეთ შემთხვევაში, კომპანიები წარადგენენ ან ადგილობრივი იმპორტიორის მიერ მოწოდებულ ღვინოებს, ან პროდუქციას, რომელიც თავადვე ჩაიტანეს ადგილზე.

საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს შემდეგი მარნები წარმოადგენდნენ:

Anapea
Anbani
Andria's Gvino
Baia's Wine
Ethno
Gotsa Wines
Levani's Cellar
Matiashvili's Cellar
Natenadze's Wine Cellar
Nika Winery
Tedo's Marani
Vazha Getiashvili Cellar.