მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაზე და რამდენს ხარჯავს ბიძინა ივანიშვილის ფონდი "ქართუ”?

5f0b62323fcce
შოთა ტყეშელაშვილი
12.07.20 23:12
7065
2019 წელს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილმა საქველმოქმედო ფონდმა “ქართუმ” 187.2 მილიონი ლარი დახარჯა - ამის შესახებ პარტია "ევროპული საქართველოს" დეპუტატის ირაკლი აბესაძის მიერ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ანგარიშიდან ხდება ცნობილი. ანგარიში 2019 და 2018 წლების განმავლობაში მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდის მიერ გაწეულ ხარჯებს და მიღებულ დაფინანსებას ეხება.

დოკუმენტის თანახმად, ამ ორი წლის განმავლობაში ფონდის ჯამური ხარჯები 306.7 მილიონი ლარი იყო. აქედან თანხის 2/3 2019 წელს დაიხარჯა. ამ ორი წლის განმავლობაში ფონდის პროექტებს შორის მოხვდა აბასთუმანში ახალი სამედიცინო ცენტრის მოწყობის პროექტი, ასევექუთაისში საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობის პროექტი და სხვა პროექტები. 

"ვალების განულება" - 37.5 მილიონი ლარი

2018 წლის ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ათი დღით ადრე, მაშინდელმა პრემიერ- მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ფონდი “ქართუ”, უპრეცედენტო სოლიდარობის აქტის სახით, მისო-ებიდან და კომერციული ბანკებიდან 1.5 მილიარდი ლარის ოდენობის ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის შეძენას და მათ ჩამოწერას გეგმავდა. პრემიერმა ბახტაძემ დააანონსა, რომ სოლიდარობის აქტი 600,000 მოქალაქეს შეეხებოდა. ეს განცხადება საარჩევნო პერიოდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო, რადგანაც ის საერთაშორისო დამკვირვებელთა მხრიდან ხმების მოსყიდვის მცდელობად შეფასდა, რაც შემდგომში OSCE-ის დასკვნაშიც აისახა.

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შეიქმნა სპეციალური ვებგვერდი vali.ge, რომელმაც განულების პროცესი 2018 წლის ბოლომდე დაასრულდა. აღნიშნული ვებგვერდის მიხედვით, სულ ჩამოწერილია 4,104,429,484 ლარის დავალიანება, პროგრამა კი 615,164 პირს შეეხო.

“ქართუ ფონდის” ანგარიშის თანახმად, პროგრამაზე დახარჯული თანხა სულ 37,517,409 ლარი და 95 თეთრი იყო.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი - 110 მილიონ ლარზე მეტი



2019 წელს ფონდის ხარჯების ნახევარზე მეტი ქუთაისის საერეთაშორისო უნივერსიტეტის პროექტის დაფინანსებაზე მიიმართა. აქედან უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების განხორციელებასა და ინფრასტრუქტურის მოწყობაზე 99 მილიონი ლარი დაიხარჯა.

კერძოდ, უნივერსიტეტის პროექტისთვის თანხები შემდეგნაირად ნაწილდება:

● “ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის საპროექტო და მოსამზადებელი სამუშაოები” (საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები) - 99,151,835 ლარი;
● სსიპ “ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი” (პროტონული თერაპიის სისტემური დანადგარების და სათანადო ტექნიკური აღჭურვილობის შესაძენად დეპოზიტი) - 3,258,500 ლარი;
● ააიპ “ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსი” (ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის განვითარების ხელშეწყობა) - 1,194.536 ლარი;
● ააიპ “ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი” (ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარების ხელშეწყობა) - 644.058 ლარი;
● სსიპ “ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი” (საგანმანათლებლო პროგრამების და კვლევითი პროცესის მომზადება, სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამა) - 1,012,798 ლარი;
● ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის საპროექტო და მოსამზადებელი სამუშაოები (2018 წელს) - 5,604,600 ლარი.

არსებული გეგმის თანახმად, უნივერსიტეტებმა სტუდენტები წელს უნდა მიიღოს. 

დამსახურებულ ხელოვანთა სოციალური დახმარების პროგრამა - 2.9 მილიონი ლარი:

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა 2019 წელსაც გრძელდებოდა დამსახურებულ ხელოვანთა სოციალური დახმარების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ასაკოვანი თუ შედარებით ახალგაზრდა ხელოვანები ფონდისგან სოლიდური ოდენობის დაფინანსებებს იღებენ. დოკუმენტის თანახმად, უშუალოდ ხელოვანთა სტიპენდიები 2,935,500 ლარი იყო, ერთ მილიონ ლარზე მეტი კი ქვეყანაში მოქმედი სხვადასხვა სახელოვნებო დასის მხარდაჭერაზე მიიმართა, მათ შორის რუსთაველის ტეატრის მსახიობების, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობების, თუმანიშვილის თეატრის, გრიბოედოვის თეატრისა და სხვა თეატრების დასების მხარდაჭერაზე.

ბიძინა ივანიშვილის ქართუ ფონდის ხარჯთაღრიცხვა 2019 წელს



ბიძინა ივანიშვილის ქართუ ფონდის ხარჯთაღრიცხცა 2018 წელს



რაც შეეხება სხვა მსხვილ პროექტებს, 2019 წელს ფონდმა 19.7 მილიონი ლარი მიმართა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა აღდგენაზე; ასევე 1.4 მილიონი ლარი გამოყო სპორტსმენებისა და მწვრთნელების სოციალურ დახმარებაზე; თბილისის სომხური თეატრის აღდგენაზე 4.8 მილიონი ლარი გადარიცხა; ოზურგეთის თეატრის რეაბილიტაციაზე 8.4 მილიონი ლარი; ზუგდიდის თეატრის რეაბილიტაციაზე 2.8 მილიონი ლარი; თბილისის ბოტანიკურ ბაღში ველო-ბილიკის მოწყობაზე 2.7 მილიონი ლარი; აბასთუმანში სამედიცინო სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობაზე კი 5.9 მილიონი ლარი.