მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერია €49 მლნ-ის ვაგონებს უკრაინის მიერ სანქცირებული კომპანიისგან ყიდულობს

63db7038c3543
შოთა ტყეშელაშვილი
02.02.23 12:16
1566
გუშინ ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიამ გადაწყვეტილება შეცვალა და მეტროს ახალი ვაგონების შესყიდვა მაინც რუსული კომპანია Метровагонмаш-ისგან მოხდება. კონტრაქტის ღირებულება 49 მილიონ ევროს შეადგენს და ის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კრედიტით ფინანსდება. კომპანია Метровагонмаш-ი უკრაინის სახელმწიფოს მიერ არის სანქცირებულ პირთა სიაში შეყვანილი. თუმცა, ის არ ფიქსირდება აშშ-ის, EU-სა და ბრიტანეთის სანქციების სიაში.

აღნიშნულმა კომპანიამ EBRD-ის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა, თუმცა, 2022 წლის 11 მარტს მერიამ განაცხადა, რომ ხელშეკრულება შეწყდებოდა.

Метровагонмаш-ის მფლობელია ლოკომოტივებისა და ვაგონების ერთ-ერთი უმსხვილესი გლობალური მწარმოებელი Трансмашхолдинг-ი. თავის მხრივ, Трансмашхолдинг-ის დამფუძნებლები და მეწილეები არიან რუსი მილიარდერები - ისკანდერ მახმუდოვი და ანდრეი ბოკარევი, რომლებიც ბრიტანეთის სანქციების ქვეშ არიან. Forbes-ის მონაცემებით, მახმუდოვის ქონება 6.5 მილიარდი დოლარია; ანდრეი ბოკარევის ქონება კი 2.5 მილიარდად არის შეფასებული.

ანდრეი ბოკარევის წინააღმდეგ სანქციები ბრიტანეთმა 2022 წლის 13 აპრილს დააწესა, რასაც მალევე Трансмашхолдинг-ის პრეზიდენტის პოსტიდან მისი გადადგომა მოჰყვა, ხოლო ისკანდერ მაჰმუდოვის წინააღმდეგ სანქციები 2022 წლის 26 სექტემბერს ამოქმედდა.

საჯაროა Метровагонмаш-ის ფინანსური ანგარიში, მისი მიხედვით, 2021 წელს კომპანიის შემოსავალი 53.8 მილიარდი რუბლი ($753 მილიონი დოლარი) იყო, ხოლო წმინდა მოგებამ 1.3 მილიარდი რუბლი ($18 მილიონი დოლარი) შეადგინა.

Трансмашхолдинг-ი Метровагонмаш-ის საკონტროლო 74%-იან წილს ფლობს. 2021 წელს კომპანიის შემოსავალი 103 მილიარდი რუბლი (1.44 მილიარდი დოლარი), ხოლო წმინდა მოგება 1.4 მილიარდი რუბლი (90 მილიონი დოლარი) იყო.

მერიის განმარტება - რატომ შეისყიდის დედაქალაქი 44 ვაგონს რუსული კომპანიისგან:

თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ ცვლილებები დამკვეთის, ანუ თბილისის მერიის ფინანსური რისკებისგან თავის არიდების გამო მოხდა და დააზუსტა, რომ რუსული კომპანია „მეტროვაგონმაში“ საერთაშორისო სანქციების ქვეშ არაა. 

„ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები და ჩვენი ფინანსური რისკები მაქსიმალურად დაზღვეულია. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ფასად ჩვენ ალტერნატიული მომწოდებლისგან ვაგონების შესყიდვას ვერ შევძლებდით და ტენდერში გათვალისწინებულ შემდეგ წინადადებაზე რომ გადავსულიყავით შესყიდვა 30-35%-ით გვიძვირდებოდა, ვეცადეთ არსებულ მომწოდებელთან მოლაპარაკებები ისე დაგვესრულებინა, რომ ჩვენი ინტერესები მაქსიმალურად დაგვეზღვია. ამ პირობებს მივაღწიეთ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან შეთანხმდა ყოველი ეტაპი და თითოეული პუნქტი, რომელიც ხელშეკრულებაში შევიდა. ამ კონტრაქტით დაიწყება ვაგონების დამზადება და ვიმედოვნებთ, ამ ვაგონების მუნიციპალიტეტისთვის მიწოდება კონტრაქტის გათვალისწინებულ ვადაში მოხდება“, - განაცხადა ხმალაძემ.

კითხვაზე - კონკრეტულად რა ცვლილებები შევიდა შეთანხმებაში, ვიცე-მერმა უპასუხა რომ საკითხი ანგარიშსწორებას ეხებოდა.

„იმ შემთხვევაში თუ კომპანია ვერ შეძლებდა წარმოებას, ჩვენ გადახდილი თანხისა და მიუღებელი საქონლის პირისპირ არ უნდა დავრჩენილიყავით. ცვლილებების მიხედვით ჯერ ვაგონების მოწოდება და ექსპლუატაციაში ჩაშვება მოხდება და მხოლოდ იმ პორციას ავანაზღაურებთ, რომელიც ჩამოვა“, - თქვა ხმალაძემ.

ცნობისთვის: EBRD-ის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც თბილისის მეტროპოლიტენის მიერ ახალი ვაგონების შესყიდვას შეეხებოდა რუსულმა კომპანია „მეტროვაგონმაშმა“ 2021 წლის დეკემბერში გაიმარჯვა. პროექტს თბილისის მერია და “თბილისის სატრანსპორტო კომპანია” სწორედ EBRD-ისგან მოზიდული კრედიტით აფინანსებენ და მის ფარგლებში ახალი ვაგონების შესყიდვასთან ერთად, დეპოს და საბურთალოს ხაზის დამაკავშირებელი გვირაბის რეაბილიტაციაც უნდა მოხდეს.

Метровагонмаш-მა დედაქალაქს 49,190,000 ევროს ღირებულების 44 ვაგონი უნდა მიაწოდოს.