მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეფორმირებული საპარტნიორო ფონდის დაფინანსების ერთ-ერთ წყაროდ ბიუჯეტი განიხილება

5ef991999342e
თელარა გელანტია
29.06.20 11:20
2200
უკვე მეორე წელია მთავრობა "საპარტნიორო ფონდის" საქმიანობის მოდელის ცვლილებაზე მუშაობს. დაგეგმილია ფონდის მართვის სტრუქტურის შეცვლა, ხოლო მის საკუთრებაში არსებული სახელმწიფო საწარმოების მართვის – მთავრობისთვის გადაცემა. ამ ეტაპზე "საპარტნიორო ფონდს" ახალ საინვესტიციო პროექტებში შესვლა შეზღუდული აქვს.

როგორც „Forbes კვირასთან“ ინტერვიუში საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი დანელიამ განაცხადა, რეფორმირების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პროცესში IMF-ცაა ჩართული. ყველაზე მთავარ საკითხს დაფინანსების წყაროზე ჩამოყალიბება წარმოადგენს. ფონდში იმედი აქვთ, რომ რეფორმირების პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება. 

„ფონდი ბოლო ორი წელია არის რეფორმირების ეტაპზე. ვცდილობთ შევცვალოთ ფონდის სტრუქტურა, საინვესტიციო მანდატი, დაფინანსების წყაროები და ა.შ. და ამ პროცესში აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, გამომდინარე იქიდან, რომ IMF-საც ჰქონდა გარკვეული რჩევები და რეკომენდაცია, როგორ უნდა მოხდეს ფონდის რეორგანიზაცია. შეიძლება ითქვას, მათთან ძალიან სისტემატიურად მიდის კონსულტაციები და ამ ეტაპზე ჩამოყალიბებული გვაქვს ჩვენი წინადადება, როგორ ვხედავთ რესტრუქტურიზაციას - ეს მოიცავს სამ ძირითად საკითხს. პირველი - დაფინანსების წყაროების განსაზღვრა. მოგეხსენებათ, ფონდის დაფინანსების წყარო ისტორიულად ჩვენი შვილობილების დივიდენდებია. როგორც აღმოჩნდა, ეს საკმაოდ არსატაბილური წყაროა, რადგან მათ მმართველობაში ფონდი ჩართული არაა. შესაბამისად, შვილობილების საოპერაციო საქმიანობაზე გავლენა ვერ ექნება. წლიდან წლამდე გარკვეული კომპანიების დივიდენდები როცა იკლებს, გრძელვადიანი ვალდებულებების აღება პროექტების დასაფინანსებლად საკმაოდ რთული გამოდიოდა. ამიტომ პირველი და ყველაზე კრიტიკული საკითხია განისაზღვროს, რა უნდა იყოს დაფინანსების წყარო“, - ამბობს დანელია.

- რა არის სავალუტო ფონდის რეკომენდაცია და თქვენი ხედვა - ვინ უნდა დაგაფინანსოთ?

- რამდენიმე გზა არსებობს. ერთი გზა, რომელიც განიხილება, გულისხმობს ერთჯერადად სახელმწიფო დაფინანსებას ანუ სახელმწფო აქტივების გატანა "საპარტნიორო ფონდის" სტრუქტურიდან და მათ სანაცვლოდ ფონდში ერთჯერადი შენატანის განხორციელება.

- დაახლოებით, რა თანხა შეიძლება ეს იყოს?

- ეს დამოკიდებულია იმაზე, რა ღირებულებისაა კომპანიები, რომელიც ფონდიდან გავა და მათ სანაცვლოდ რამხელა შემონატანი იქნება საჭირო, ამიტომ თანხაზე ცოტა რთულია საუბარი, თუმცა ესაა ერთ-ერთი სტრატეგია, რომელზეც შეიძლება ვიმუშაოთ. ეს ფონდს შემდეგ დამატებითი დაფინანსების მოპოვების საშუალებას მისცემდა ანუ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბანკებიდან - აიღოს დამატებითი ვლალდებულება და ისე გაზარდოს პორტფელი.

- ერთჯერადად ფონდის დაფინანსება უფრო თქვენი იდეაა თუ - სავალუტო ფონდის?

- უფრო სავალუტო ფონდის მიდგომა არის ეს, რადგან მათ ურჩევნიათ ფონდის დაფინანსების წყარო იყოს სახელმწიფო. მათი აზრით, რადგანაც სახელმწიფო კომპანიაა, ის კონტროლის მექანიზმები, რაც ბიუჯეტზეა, უნდა ვრცელდებოდეს ფონდზეც და ფიქრობენ, რომ უფრო მისაღებია, მაგალითად, რკინიგზიდან მიღებული დივიდენდი ჯერ ბიუჯეტში შედიოდეს და მერე მოდიოდეს ჩვენთან.

- რათა შესაძლო რისკებს ხედავდეს IMF-იც?

- ბუნებრივია...

- მთავრობა სხვანაირად ფიქრობს?

- განიხილავს ამ ვარიანტსაც. რამდენიმე ალტერნატივაა. დაფინანსების წყაროს მეორე ალტერნატივა არის გარკვეული აქტივების გადმოცემა "საპარტნიორო ფონდისთვის", რომელიც შესაძლებელია იყოს ლიკვიდური და მოხდეს მათი პროექტებში შეტანა - ვთქვათ, იქნება ეს სახელმწიფო მიწა, შენობა და ასე შემდეგ, რომლითაც პროექტებს განვახორციელებთ და შემდეგ, როცა ამ პროექტებიდან გამოვალთ, ეს აქტივები ლიკვდურობას შეიძენს და ფულად დაგვიბრუნდება და არის კიდევ მესამე გზა - როგორც იცით, გვაქვს გარკვეული პროექტები, რომლებიც პრინციპში ჩვენს მანდატში პირდაპირ არ ჯდება, მაგალთად, რუხის სავაჭრო ცენტრი, რომლის 100%-ის მფლობელი ფონდია - აი, ასეთი პროექტების ფონდის გარეთ გატანა და მათ სანაცვლოდ ფონდში გარკვეული ფულადი შენატანის გაკეთება, ანუ ჩვენ რომ გავყიდოთ ეს პროექტები და იყიდონ სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციებმა, ვისაც უფრო ეხება.