09.ივლისი .2021 14:20

ლარის კურსის მერყეობა გაურკვევლობას ბადებს ეკონომიკაში - სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატი

ლარის კურსის მერყეობა გაურკვევლობას ბადებს ეკონომიკაში - სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატი
views 846
უკან

"ინფლაცია არის ნომინალური ღუზა. ინფლაციის თარგეთირება თავად გამორიცხავს ინფლაციურ მონეტარულ პოლიტიკას. თუ ფულის მიწოდება აღემატება მოთხოვნას, მან შეიძლება გამოიწვიოს ინფლაცია“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატმა, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიმტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს უსმენენ.

რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, თუ როგორ აისახება ლარის კურსის მკვეთრი გამყარება, ან გაუარესება ბიზნესზე, მიქაბაძე ამბობს, რომ ძალიან მაღალი მერყეობა ორივე მიმართულებით დამაზიანებელია და დიდ გამოწვევებს უქმნის როგორც მაკროეკონომიკურ, ისე ფინანსურ სტაბილურობას, როგორც მოსახლეობის მხრიდან, ისე ეს საკმაოდ დიდი რისკია ფინანსური ინსტიტუტებისთვის და ფინანსური სტაბილურობის თვალსაზრისით.

„ამავე დროს, ჩვენ ღია ეკონომიკა ვართ და ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ მაღალ გაუფასურებას მნიშვნელოვანი ზარალი მოაქვს - გაურკვევლობას ბადებს ეკონომიკაში, რაც ბიზნესისთვის არის დამაზიანებელი. ინფლაციის თვალსაზრისით არის ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევა“, - განაცხადა მიქაბაძემ.

რაც შეეხება კითხვას, რა ტიპის შოკების პროგნოზირება შეუძლია ან უნდა შეეძლოს ეროვნულ ბანკს? სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატი ამბობს, რომ დღეს არსებული გლობალური შოკის პროგნოზირება, როგორიც პანდემია იყო, არათუ ეროვნულ ბანკს, არამედ არავის არ შეუძლია.

„ასევე სებ-ს არანაირი გეოპოლიტიკური, უცბად მომხდარი შოკის პროგნოზი არ შეუძლია, თუმცა საჭიროა ამ ტენდენციების მოდელის გათვალისწინება, ჩვენი სავაჭრო პარტნიორების განვითრების ტენდნციები არის ასახული მოდელში. შოკი, რომელიც ადვილად იდენტიფიცირებადი იქნება, მისი იდენტიფიცირება შეუძლია ეროვნულ ბანკს დოლარიზაციიდან გამომდინარე. პროგნოზირების გამართული ინსტრუმენტის ქონა აუცილებელია ეროვნული ბანკისთვის“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა დღეს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს მოუსმინა, ესენი არიან: ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ეკა მიქაბაძე და "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას" ყოფილი ხელმძღვანელი ეკა გალდავა. სებ-ის საბჭოში უკვე ორ წელზე მეტია, რაც ორი ვაკანტური ადგილია. კანონის თანახმად, საბჭო 9 წევრისგან უნდა იყოს დაკომპლექტებული, თუმცა ამჟამად მასში მხოლოდ 5 წევრია. თუ პარლამენტმა სამივე კანდიდატურა დაამტკიცა, სებ-ის საბჭოში 1 ვაკანტური პოსტი დარჩება.

კომიტეტმა სამივე კანდიდატურას მხარი დაუჭირა, მათი დამტკიცება პარლამენტის სესიაზე უნდა მოხდეს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა