08.ივლისი .2021 22:00

რიტეილ-სექტორი კაბალური პირობებით მწარმოებლებს გაკოტრების ზღვარზე აყენებს - სანდრო რატიშვილი

რიტეილ-სექტორი კაბალური პირობებით მწარმოებლებს გაკოტრების ზღვარზე აყენებს - სანდრო რატიშვილი
views 572
უკან

სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე და განვითარების პერსპექტივებზე საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით დღეს ფორუმი გაიმართა. შეხვედრაზე, რომელსაც კერძო სექტორის, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, იმ პრობლემებზე იმსჯელეს, რასაც ადგილობრივი მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანიები რიტეილერებთან ურთიერთობის პროცესში აწყდებიან. ამ მხრივ პრეცედენტული საქმეა 10 ქართული კომპანიის მიერ "კარფურის" წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო. ისინი საერთაშორისო ბრენდს უკანონოდ თანხების ჩამოჭრას და ხელშეკრულების პირობების დარღვევას ედავებიან. ბიზნესი აქტიურად აყენებს მხარეებს შორის პარტნიორობის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირების მოთხოვნას.

„ბიზნესი არ ვართ ზედმეტი რეგულაციის მომხრე, პირიქით, რაც ნაკლები იქნება ეს უკეთესია, მაგრამ ამ სფეროში მივედით იმ ზღვრამდე, რომ სხვა გზა არ რჩება. მრავალი წლის განმავლობაში დაურეგულირებლად ამ სფეროს დატოვებამ მოიტანა ის შედეგი, რაც მოიტანა. მოიტანა ის, რომ რიტეილ-სექტორის წარმომადგენლებს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეუძლიათ ადგილობრივ მწარმოებლებს და მიმწოდებლებს, დისტრიბუტორებს შეუქმნან ისეთი კაბალური პირობა თავისი დომინანტური მდგომარეობის გამოყენებით, რომ მათ აყენებენ გაკოტრების და დახურვის ზღვარზე, რაც ყოვლად დაუშვებელია.

თუნდაც იმ პოლიტიკის ფონზე, რასაც ვისმენთ მთავრობის სხვადასხვა რგოლიდან, რომ საქართველოს სჭირდება ადგილობრივი წარმოების განვითარება, ამ ფონზე ის, რაც კეთდება საცალო სავაჭრო ქსელების მხრიდან, არის ამ გეგმის საწინააღმდეგო. ის, რაც ხდება რიტეილ-სექტორში უნდა დარეგულირდეს და მოექცეს საკანონმდებლო რეგულირების ჩარჩოში, რომ ორივე მხარემ იცოდეს, რა ჩარჩოს ფარგლებში მოქმედებენ. ერთი რამ ცხადია, რომ ვერცერთი მხარე უერთმანეთოდ ვერ იარსებებს. მაგრამ ის, რომ ასე ცალსახად დარღვეულია პარიტეტი დომინანტი მხარის მიერ, ასე გაგრძელება არ შეიძლება და ეს მოლაპარაკებების საფუძველზე უნდა მოგვარდეს“, - აცხადებს გადასახადის გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტი.

აღსანიშნავია, რომ ბაზრის მოკვლევის შემდეგ შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობის რეკომენდაცია არის გაცემული კონკურენციის სააგენტოს მხრიდანაც. სააგენტოს ხელმძღვანელი, ირაკლი ლექვინაძე მზადყოფნას გამოთქვამს, როგორც სხვა ქვეყნებშია შესაბამისი ნორმის არსებობის შემთხვევაში, კანონის აღსრულება საკუთარ თავზე კონკურენციის სააგენტომ აიღოს.

ახლა საბოლოო სიტყვა კანონმდებლებს ეკუთვნის, რომლებიც რიტეილერებსა და მწარმოებელ კომპანიებს შორის ურთიერთობების სამართლებრივ დონეზე დარეგულირების საკითხზე მათ შორის კონსულტაციებს გადიან კონკურენციის სააგენტოსთან.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა