მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შევლენ მოქალაქეები “თამაშდამოკიდებულთა” სიაში - სამინისტრო წესებს აქვეყნებს

6214c09734c81
შოთა ტყეშელაშვილი
22.02.22 15:15
7230
2021 წლის დეკემბერში საქართველოს მთავრობამ აზარტული თამაშების სექტორს ახალი რეგულაციები დაუწესა, კერძოდ, პარლამენტის გადაწყვეტილებით, 25 წლამდე პირებს, სოცდაუცველებს და საჯარო მოხელეებს როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ-კაზინოებში თამაშის უფლება აეკრძალათ. საუბარია, დაახლოებით, 1 მილიონი მოქალაქისთვის თამაშის უფლების აკრძალვაზე. გაიზარდა საგადასახადო მოსაკრებელი ონლაინთამაშების მიმართულებით. 2022 წლის 1-ელი მარტიდან აიკრძალება აზარტული თამაშების რეკლამირებაც. ასევე ძალაში შევა “თამაშდამოკიდებულ პირთა სიაც”, სადაც მოქალაქეები როგორც საკუთარი სურვილით, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებით შევლენ. დამოკიდებულ პირებს აზარტული თამაშების ქართულ სისტემებში თამაშის უფლება აეკრძალებათ.

ფინანსთა სამინისტრომ ამ რეგულაციის ამოქმედებამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღო პროტოკოლი, რომელიც "თამაშდამოკიდებულთა" სიაში მოქალაქეთა შესვლას უკავშირდება. დოკუმენტის თანახმად, ამ სიაში მოქალაქე 5 წლის განმავლობაში იქნება შეყვანილი.

დოკუმენტში ნათქვამია:

1. დამოკიდებულ პირთა სიაში საკუთარი მონაცემების შეტანის თაობაზე განცხადება წარედგინება შემოსავლების სამსახურს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება უნდა შეიცავდეს განცხადების წარმდგენი პირის:
ა) სახელს და გვარს;
ბ) პირად ნომერს;
გ) დასტურს იმის შესახებ, რომ სურს მისი მონაცემები შეტანილ იქნეს დამოკიდებულ პირთა სიაში;
დ) განცხადების წარდგენის თარიღსა და ხელმოწერას.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას თან უნდა დაერთოს განცხადების წარმდგენი პირის პირადობის მოწმობის, ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი. ასევე, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი წარდგენილია უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით.

4. შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომელი წარმოდგენილი განცხადების რეგისტრაციისას, მის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ახდენს განცხადების წარმდგენი პირის იდენტიფიკაციას.

5. შემოსავლების სამსახური ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან და იმ შემთხვევაში, თუ განცხადება აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, 5 სამუშაო დღის ვადაში ახდენს განცხადების წარმდგენი პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანას.

6. დამოკიდებულ პირთა სიის საფუძველზე, შემოსავლების სამსახური თამაშობის ორგანიზატორს, მისი მოთხოვნის საფუძველზე, თამაშობაში მონაწილეობის მსურველი ყოველი კონკრეტული პირის შესახებ აწვდის მხოლოდ თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის თაობაზე ინფორმაციას.

დამოკიდებულ პირთა სიის წარმოებას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შემოსავლების სამსახური (შემდგომში - შემოსავლების სამსახური),” - ნათქვამია დოკუმენტში.