მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ხდება საქართველოში მიწისძვრების მონიტორინგი? - სეისმოლოგი

63e51889589ea
ნანუნა ნარიმანიძე
10.02.23 12:43
1607
ილიას უნივერსიტეტის პროფესორისა და სეისმოლოგის ზურაბ ჯავახიშვილის შეფასებით, „საქართველო საშუალო სეისმური საფრთხის ქვეყანაა, ამიტომ ძლიერი მიწისძვრები, იშვიათად, მაგრამ მოსალოდნელია და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ". ამის შესახებ მან „საქმიან დილაში“ განაცხადა.

„საქართველო რუკაზე საშუალო სეისმურობის ზონაშია მოქცეული. მართალია, მიწისძვრის დროის პროგნოზირება არ არის შესაძლებელი, თუმცა არის მეთოდები, რომლითაც შეგვიძლია გავიგოთ, სად რა სიმძლავრის მიწისძვრა შეიძლება მოხდეს, გარკვეული ალბათობით“, - განაცხადა მან და იქვე დასძინა, რომ საქართველოში მიწისძვრების მონიტორინგს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ახორციელებენ.

„90-იან წლებში სეისმური ქსელი განადგურდა, ციფრული აპარატურა ისედაც ძველი იყო, თუმცა 2002 წელს, თბილისის მიწისძვრის შემდეგ, მთავრობიდან და სხვადასხვა ორგანიზაციიდან ქსელის განახლების ინტერესი გაჩნდა და დღეისთვის ჩვენი სეისმური ქსელი უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი - გვაქვს ციფრული სეისმოგრაფები, რაც გვაძლევს საშუალებას, მიწისძვრების მონიტორინგი ონლაინ რეჟიმში განვახორციელოთ და თან ეს ინფორმაცია ოპერატიულად მიიღონ შესაბამისმა უწყებებმა“, - განაცხადა ზურაბ ჯავახიშვილმა.

Bm.ge-ს კითხვაზე - რომელ უწყებებს მიეწოდება ინფორმაცია ონლაინრეჟიმში და რამდენად ოპერატიულად და ეფექტიანად რეაგირებენ ისინი, სეისმოლოგმა აღნიშნა, რომ მიწისძვრების მონიტორინგის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სამსახური და შსს იღებს.

„ვინაიდან დიდი ხანია, საქართველოში ძლიერი მიწისძვრა არ დაფიქსირებულა, აღნიშნული უწყებების რეაგირება საჭირო არ ყოფილა, ამიტომ გამიჭირდება თქვენს კითხვაზე პასუხის გაცემა“, - თქვა მან.

გადაცემა „საქმიან დილასთან“ ინტერვიუში სეისმოლოგმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მიწისძვრისგან დაცვის უალტერნატივო გზა სახლების სეისმომედეგი მშენებლობაა.

მისივე თქმით, არსებული ნორმების მიხედვით, შენობებმა 8-მაგნიტუდიან მიწისძვრას უნდა გაუძლოს.

"კარგად უნდა შეფასდეს როგორი სიძლიერის ეფექტია მოსალოდნელი ამა თუ იმ ადგილას და ამის მიხედვით დაპროექტდეს შენობები. არსებობს სამშენებლო ზედამხედველობის უწყება, რომელიც აკონტროლებს შენობებს, არის თუ არა ის ნორმებთან შესაბამისობაში“, - ამბობს სეისმოლოგი.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები