მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ბანკი დაარიგებს პენსიებს - მთავრობამ ₾105-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

625598d13366c
შოთა ტყეშელაშვილი
12.04.22 19:21
4765
სოციალური მომსახურების სააგენტომ საპენსიო და სოციალური გასაცემლების სერვისის პროვაიდერი ბანკის შესარჩევად ახალი ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 105 მილიონი ლარია და ის ძალაში 2023 წლის 1 იანვრიდან 2029 წლის 1 იანვრამდე იქნება.

თუკი ამჟამად არსებული პირობებით, სახელმწიფო პენსიების დარიგებაში ფულს არ იხდიდა, ახლა ამ სერვისში ბანკებს დამატებით ანაზღაურებას მიაწვდის. 

ტენდერში ბანკები შეირჩევიან ორი კრიტერიუმის მიხედვით, პირველი კრიტერიუმი შეეხება პენსიის დარიგების ღირებულებას ანუ რომელი ბანკი უფრო იაფად მიაწვდის სახელმწიფოს ამ სერვისს. ამ კრიტერიუმის წონა შეფასების დროს 30% იქნება. 

მეორე და უფრო მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რომლითაც პენსიის გამცემი ბანკი შეირჩევა, არის საპროცენტო განაკვეთი, რომლითაც ის ხანდაზმულებსა და სოცდაუცველებზე გასცემს სესხებს. განაკვეთების საწყისი წერტილის ათვლა იწყება ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთების ინდექსიდან, რომელიც ამჟამად 10.6%-ს შეადგენს. მაქსიმალური განაკვეთი რომლიდანაც ტენდერში ვაჭრობა იწყება არის 15% ანუ, საუბარია 10.6%+15%=25.6%-ზე. 

ანუ ბანკებმა უნდა დააფიქსირონ 15%-ზე ნაკლები განაკვეთი და სახელმწიფო შეარჩევს იმ ბანკს, რომელიც ტენდერში ყველაზე დაბალ საპროცენტო განაკვეთს დააფიქსირებს. ის თუ რამდენად დაბალ განაკვეთზე შეჩერდება ვაჭრობა, ეს ტენდერის მეშვეობით გამოჩნდება. 

საპროცენტო განაკვეთის მოცულობაზე ტენდერის შეფასების კრიტერიუმის 70% არის დამოკიდებული. 



ტენდერში ბანკების მხრიდან წინადადებების მიღება 11 მაისს იწყება და 16 მაისს მთავრდება. 

სატენდერო პირობებიდან ირკვევა, რომ თუკი ბანკი პენსიონერს კონკრეტულ სესხზე დააკისრებს იმაზე მაღალ საპროცენტო განაკვეთს, ვიდრე ეს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული, მაშინ ბანკი თითოეულ ასეთ სესხზე 1,000 ლარით დაჯარიმდება.